რომაული თეატრის არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 13 მარტი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომაული თეატრის არქიტექტურარომაული თეატრი ბერძნული სათეატრო ხუროთმოძღვრების განვითარების შემდგომი საფეხურია. რესპუბლიკის პერიოდში საგანგებო სახელმწიფოებრივ თუ სახალხო ზეიმებთან დაკავშირებით რომში თეატრალური წარმოდგენები დროებით ნაგებ შენობებში იმართებოდა. სენატი კრძალავდა მუდმივი თეატრების მშენებლობას, ვინაიდან მკრეხელობად მიაჩნდა თეატრალური სანახაობისთვის გამიზნული შენობების და წმინდა ან სამოქალაქო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნაგებობათა თანაარსებობა. პირველი ქვის თეატრები რომში ძვ.წთ. I საუკუნიდან ჩნდება და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც რომის, ასევე, მისი პროვინციებისა და კოლონიების სამოქალაქო ხუროთმოძღვრებაში. ამ დროსაა (იმპერიის პერიოდი) აგებული პომპეუსის (ძვ.წთ. 55-32 წწ.), მარცელას (ძვ.წთ. 44-17 წწ.), ბალბას თეატრები, მოგვიანებით ორანჟის (ახ.წთ. I ს.), ასპენდის (ახ.წთ. II ს.) თეატრები, რომლებიც უკვე სათეატრო არქიტექტურის საბოლოო ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებენ.

რომაული თეატრი ქალაქური ტიპის ნაგებობაა. ბერძნული თეატრისაგან განსხვავებით, ის აღარაა ლანდშაფტთან დაკავშირებული, ვინაიდან არ იკვეთება კლდეში და, ამდენად, დამოუკიდებელ არქიტექტურულ ერთეულს წარმოადგენს. ინტერიერის გააზრების მხრივ, მართალია, ბერძნული თეატრის ძირითად პრინციპს იმეორებს (ამფითეატრი, ორქესტრა), მაგრამ მისი შიდა სივრცე უფრო ერთიანი, ჩაკეტილი და იზოლირებულია. თეატრონის კამარულ კონსტრუქციებზე დაფუძნებული საფეხურები ორქესტრას ნახევარწრეზე ევლება. სცენის შენობა, ელინისტური თეატრის მსგავსად, აღარ იკავებს მის მარტო ერთ მეოთხედს და ნახევარსიბრტყეზეა გაშლილი. ორქესტრას თავისუფალი არე მაღალი წრის მაყურებელს ეთმობა (სოციალური დიფერენციაცია ბერძნულ თეატრში არ ყოფილა, იგი პირველად რომის თეატრში ჩნდება). პროსკენიუმი, რომელიც ბერძნულ თეატრში სათამაშო სივრცის დანიშნულებას მხოლოდ ეპიზოდურად ასრულებდა, აქ, თანამედროვე სცენის მსგავსად, უმნიშვნელოვანეს დატვირთვას იძენს და ძირითად სათამაშო მოედნად გვევლინება. დროთა განმავლობაში სცენის უკანა კედელი თეატრონის შიდა გალერეის დონემდე მაღლდება, ამფითეატრის კედლების სიმაღლეს უტოლდება და მაყურებელთა დარბაზის გამთლიანებულ კომპოზიციას ქმნის. ბერძნული თეატრის მსგავსად, რომაული თეატრიც ინარჩუნებს სიღიავეს, მაგრამ მისი სივრცე მზისა და წვიმისაგან დაფარვის მიზნით ველარიუმით (ტენტით) იფარება. „თუ წინათ დაბალი სცენა საშუალებას აძლევდა მაყურებელს აღექვა გარემო-ლანდშაფტი, ამჟამად მისი ყურადღება მიიპყრო სცენის მაღალმა კედელმა, რომელიც ბრწყინვალე მორთულობით გამოირჩეოდა”. კავეას (მაყურებელთა რიგები) ზედა იარუსის დახურული სვეტნარით დასრულება, სცენის კედლების მდიდრული მორთულობა არქიტექტურული დეტალებით, ქანდაკებებითა და ორნამენტული მოხატულობით, აგრეთვე, ფასადის თაღნარით შემკობა (სხვადასხვა ორდერის გამოყენებით, როგორც ეს მარცელას თეატრშია) რომაულ თეატრს განსაკუთრებით შთამბეჭდავ და მონუმენტურ იერს სძენს (უნდა აღინიშნოს, რომ მრავალიარუსიანი თაღნარის სისტემა, რომელსაც პირველად სწორედ ამ თეატრში ვხვდებით, დამახასიათებელი იქნება რომაული არქიტექტურისათვის. ყველაზე სრულად იგი კოლიზეუმში გამოვლინდება). მიუხედავად რომაული თეატრების დიდი ზომებისა, ბერძნული თეატრები უფრო მეტი რაოდენობის მაყურებელს იტევდა.

როგოც ბერძნულ, ასევე რომაულ თეატრში ოსტატურადაა გააზრებული ხედვითი მომენტი და აკუსტიკა − სათეატრო არქიტექტურის ეს ორი უმთავრესი საკითხი. „თეატრონის მაყურებელთა ადგილების დიდი დახრის (1:2. 1:3) შედეგად, მხედველობის ოპტიკური კუთხე გაცილებით უკეთესია, ვიდრე თანამედროვე თეატრში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სპექტაკლებს დღის სინათლეზე წარმოადგენდნენ. თეატრების საუკეთესო აკუსტიკური თვისებები აიხსნება იმით, რომ ამფითეატრის კონუსისებური ფორმის შედეგად, ხმის ძალა არსად მცირდება. ბგერის გავრცელების არეში მას არ ხვდება არავითარი დაბრკოლება. ამასთანავე, ხმა ძლიერდება მისი წარმოთქმისთანავე... ანტიკურ თეატრში ბუნებრივი ამფითეატრული ფორმის წყალობით მიღწეულია მაყურებელთა განაწილების ურთულესი პრობლემა”

ანტიკური თეატრი უდიდეს გავლენას მოახდენს ევროპული თეატრების შემდგომ განვითარებაზე, მაგრამ შუა საუკუნეების დასაბამიდან ანტიკურ დრამატულ ხელოვნებას თითქმის სრულად მიივიწყებენ, თეატრალურ ნაგებობებს გაანადგურებენ, მსგავსად ანტიკური ხანის საკულტო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუშებისა, გაანადგურებენ, როგორც წარმართული სამყაროს ბარბაროსულ ნაშთებს.


წყარო

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები