მახარაძე ვლადიმერ
ვლადიმერ მახარაძე – მწერალი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1957 წლის 24 აპრილს, შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეებში. 1978 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი.
მუშაობდა აჭარის სააფთიაქო სამმართველოს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1978-1990).
იყო აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი (1991-1996). ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სოციალური ფარმაციის კათედრის გამგე (1997-2006), ამავე ინსტიტუტის რექტორი (2010-2011), ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი (2007-2013). 1990 წლიდან შპს „ჰეკატეს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
არის 10 წიგნის (მათ შორის სამი სახელმძღვანელოს), 25 სამეცნიერო ნაშრომის და 200-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი.
1996 წლიდან აჭარის ფარმაცევტთა კავშირის თავმჯდომარეა; 2004 წლიდან აჭარის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე, 2005 წლიდან – გაზეთ „ფარმაკომის“ მთავარი რედაქტორი, 2014 წლიდან საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, ვიცეპრეზიდენტი.
ამავდროულად, 2011 წლიდან არჩეულ იქნა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად.
დაჯილდოებულია აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის საიუბილეო მედლით და საპატიო სიგელით (2012). მინიჭებული აქვს საპატიო მარეთელის წოდება (2015).
ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის მედლით და საპატიო სიგელით (2016).
არის ზურაბ გორგილაძის (2013) და აბუსერისძე ტბელის (2017) სახელობის პრემიების ლაურეატი.