დემოკრატიზაცია
დემოკრატიზაცია − ტერმინი დემოკრატიზაცია ავტორიტარიზმიდან ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასვლას გულისხმობს. ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ძირეულ თავისუფლებათა უზრუნველყოფა და კერძოდ — პოლიტიკური უფლებების, საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გამართვა და (განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ ქვეყნებში) საბაზრო რეფორმების გატარებაა.
დემოკრატიზაცია სამ, ზოგჯერ ურთიერთდამთხვევად პროცესს მოიცავს. პირველი — როცა ძველი რეჟიმი ემხობა, ამას ჩვეულებრივ, ლეგიტიმურობის დაკარგვა მოჰყვება ხოლმე, რასაც ეკონომიკის დაცემა, არმიისა და პოლიციის ხელისუფლებისაგან განდგომა სდევს თან; მეორე — „დემოკრატიაზე გადასვლის“ ეტაპს — ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული სტრუქტურებისა და პროცესების ჩამოყალიბება ახასიათებს; და მესამე ― „დემოკრატიული კონსოლიდაცია“ უკვე ის ეტაპია, როცა ახალი სტრუქტურები და პროცესები იმდენად მყარად იდგამს ფესვს ელიტისა და მასების შეგნებაში, რომ მათ შეცვლაზე უკვე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. ამგვარად, ა. პრჟევორსკის ფრთიან ფრაზას თუ გავიხსენებთ, დემოკრატია „ერთადერთ გართობად რჩება ქალაქში'(the only game in town) (Przeworsky 1991)