აღმოსავლურ-აზიური რეჟიმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღმოსავლურ-აზიური რეჟიმები − ყველა აღმოსავლეთ-აზიურ რეჟიმს აქვს რაღაც საერთო: ჯერ ერთი, ისინი უფრო ეკონომიკურ მიზნებზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე პოლიტიკურზე: მათი მთავარი ამოცანა ის კი არაა, დასავლური გაგებით პიროვნული თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებათა არეალი გააფართოვონ, არამედ დოვლათის შექმნასა და დაგროვებას შეუწყონ ხელი.ეს უაღრესად პრაქტიკული მიდგომა აღმოსავლეთ აზიის „ხუთი ვეფხვის“ ეკონომიკურ აღმავლობაშიც შეინიშნება (სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური და მალაიზია). მაგრამ იგივეს, ერთპიროვნული კომუნისტური მმართველობის პირობებში, ჩინეთის საბაზრო ეკონომიკის მოულოდნელ განვითარებაშიც ვხედავთ (XX საუკუნის გვიანი 1970-იანი წწ.) მეორეც, ყველა ამ ქვეყანაში ძლიერი მმართველობის მოთხოვნილება შეინიშნება ― გავლენიანი „მმართველი“ პარტიები მაინც გარკვეული ნდობით სარგებლობენ და სახელმწიფოს მიმართაც საყოველთაო რიდი იგრძნობა. გადასახადებისა და საზოგადოებრივი ხარჯების არცთუ მაღალი დონის მიუხედავად (ჩვეულებრივ, მშპ-ს 30% არ აღემატება), დასავლური წელგამართული სახელმწიფოების პოლიტიკური მმართველობის ანალოგიას აქ მაინც ვერ ვხედავთ. აქ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო. „მამა-მარჩენალის“ როლს უნდა თამაშობდეს, ნებისმიერ კერძო თუ საზოგადოებრივ გადაწყვეტილებას იღებდეს და ქვეყნის განვითარების საერთო-სტრატეგიულ გეზსაც თავად განსაზღვრავდეს. და მესამეც — კონფუციანური ტრადიციის თანახმად, ლიდერთა მიმართ მოწიწება აქ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი − დასავლეთის ხედვით, ყველაფერ ამაში ავტორიტარიზმის ფარული თუ აშკარა ტენდენციები შეინიშნება. და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი — მათთვის საზოგადოებრივი და სოციალური კავშირები უაღრესად ფასეულია — რაც ოჯახის ფენომენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭებით გამოიხატება. ჯამში კი წარმოიშობა ის, რასაც იაპონელები „ერთად ფიქრს“ უწოდებენ და რაც საკმაოდ ზღუდავს იმგვარი ცნებების არეალს, როგორიც (ყოველ შემთხვევაში, დასავლურად გაგებული) ინდივიდუალიზმი და ადამიანის უფლებებია.

თუმცა, აღმოსავლეთ-აზიურ რეჟიმებშიც ვიპოვით განსხვავებებს. მათგან უმნიშვნელოვანესი — ჩინეთის კაპიტალიზმისაკენ გადახრაა, რამაც მასსა და მის მეზობლებს შორის მკვეთრი სხვაობა კი წაშალა, მაგრამ ძირეულ პოლიტიკურ გამიჯვნას მაინც ვერაფერი მოუხერხა. ჩინეთი, პოლიტიკური თვალსაზრისით მაინც, ხოლო ჩრდილოეთ კორეა — როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური გაგებითაც − უდავოდ კომუნისტური რეჟიმებია, სადაც სახელმწიფო მანქანას ჯერაც ერთმმართველი კომუნისტური პარტია განაგებს. ჩინური „საბაზრო სტალინიზმი“ მკვეთრად განსხვავდება იაპონიის მყარი და წარმატებული, არჩევითი დემოკრატიისაგან. უფრო მეტიც, სხვა აღმოსავლეთ-აზიური სახელმწიფოების ინდუსტრიალიზაციისა და მზარდი ურბანიზაციის ფონზე, ჩინეთი, თავისი სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, დღემდე აგრარულ ქვეყნად რჩება და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას მისი ეკონომიკური განვითარების განსხვავებული ხასიათი. იაპონიისა და ისეთი „ვეფხვების“ ეკონომიკაში, როგორებიცაა ტაივანი და სინგაპური, განვითარება მთელი უკანასკნელი დროის განმავლობაში ტექნიკურ ინოვაციებს, განათლებასა და მუშათა პროფესიულ მომზადებას ეფუძნებოდა, მაშინ როდესაც ჩინეთი თავისი იაფი მუშახელის იმედად იყო. და ერთია კიდევ: თვალსაჩინო კულტურული განსხვავება სრულად ჩინურენოვან სახელმწიფოებსა (ტაივანი და საკუთრივ ჩინეთი), და იაპონიასა თუ ეთნიკურად ჭრელ ქვეყნებს შორის (ვთქვათ, სინგაპური და მალაიზია). მაგალითად, სინგაპურის სკოლებში კონფუცის სწავლებისგან იმ მოტივით შეიკავეს თავი, ჩვენი მალაელი და ინდოელი მოქალაქეების უკმაყოფილება არ გამოვიწვიოთო. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა მალაიზიაშიც, სადაც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჩინური ზეგავლენა შეეზღუდათ და მალაური კულტურის ისლამური ელემენტები წამოეწიათ წინ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები