შპიცბერგენის არქიპელაგი
შპიცბერგენის არქიპელაგი – შპიცბერგენის არქიპელაგი შედის ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის არქტიკულ კუნძულებში. მთლიანი ფართობი დაახლოებით 62 ათასი კმ2-ია და შედგება სამი დიდი კუნძულისაგან – დასავლეთი შპიცბერგენი (მასზე მოდის არქიპელაგის ფართობის ნახევარზე მეტი – 39 ათასი კმ2), ჩრდილო-აღმოსავლეთი მიწა, ეჯი და რიგი წვრილი კუნძულები, რომელთაგან ყველაზე დიდია კუნძული ბარენცი. არქიპელაგი შედის ნორვეგიის სამეფოს შემადგენლობაში. კუნძულები კონტინენტური წარმოშობისაა და წარმოადგენს ხმელეთის ნარჩენს, რომელიც გეოლოგიურ წარსულში ევროპას აკავშირებდა გრენლანდიასთან.
რელიეფის ხასიათს განსაზღვრავს მისი ტექტონიკური აგებულება (უმეტესად კალედონური ნაოჭა სტრუქტურებით), ძველი და თანამედროვე გამყინვარება და ყინვითი გამოფიტვის ფართო განვითარება. პროტეროზოული და ქვედა პალეოზოური ასაკის კრისტალური ქანებით აგებულ კალედონურ ნაოჭა სტრუქტურებს ალაგ-ალაგ გადახურავს მეზო-კაინოზოური ასაკის ნახშირიანი წყებები. რელიეფში შერწყმულია საშუალომთიანი დაკბილულთხემებიანი ქედები, ცალკეული მახვილი პიკები და განიერი ხეობები. რეგიონი მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს კუნძულ დასავლეთ შპიცბერგენზე. კუნძულების სანაპირო ძლიერ არის დანაწევრებული ფიორდებით. ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია საფრული (ზეწრული) და მთის მყინვარებით. მყინვარული ფარი მაქსიმალურ სისქეს (700 მ-მდე) აღწევს ჩრდ- აღმ. მიწაზე და მის მიმდებარე პატარა კუნძულებზე.
ჰავა
ჰავა არქტიკული ზღვიურია, თავისთავად მკაცრი, მაგრამ მის განედზე მისგან დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე კუნძულებთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო რბილი, რაც გამოწვეულია შპიცბერგენის თბილი დინების გავლენით. ამასთან დაკავშირებით ჰავის ნაირგვარობა ნათლად ჩანს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ ნაწილში შეადგენს მინუს 12-13°, ხოლო აღმოსავლეთში –– მინუს 19- 21°, მაქსიმალური ყინვა აღწევს 40°, ოთხი თვე, შუა ოქტომბრიდან შუა თებერვლამდე, პოლარული ღამეა. ზაფხული სუსტად არის გამოხატული, ივლისის საშუალო ტემპერატურა შეადგენს დასავლეთში პლუს 4-5°, ხოლო აღმოსავლეთში პლუს 1-2°. ტემპერატურის მაქსიმუმი აღწევს პლუს 16°. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კლებულობს 1200 მმ-დან 150 მმ-მდე. ნალექი უმეტესად თოვლის სახით მოდის, დასავლეთში იშვიათობას არ წარმოადგენს წვიმიანი ამინდიც. ხშირია გრიგალისებური ქარი. სანაპირო წყლები და ფიორდები ყინულისაგან თავისუფალია და ნავიგაციისათვის მისადგომია მხოლოდ ზაფხულში. ყინულისაგან თავისუფალი ტერიტორია უკავია არქტიკულ ტუნდრას, სადაც მღივრებსა და ხავსებს შორის მეჩხრად იზრდება ქონდარა ტირიფი და არყი, არა უმეტეს 20 სმ სიმაღლისა. ზაფხულობით ყვავის კესანე, პოლარული ყაყაჩო, ნაღველა და სხვა. დიდი ფართობი უკავია ტორფიანებს. ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია ყინულოვან და ცივ, ქვიან უდაბნოებს. არქიპელაგზე მობინადრე ცხოველებიდან აღსანიშნავია ცისფერი ყარსალი, თეთრი დათვი, ჩრდილოეთის ირემი, ხარვერძი, რომელიც დაცულია. ზაფხულობით კუნძულთა სანაპიროებზე თავს იყრის ფრინველთა მრავალრიცხოვანი გუნდები, ე.წ. ფრინველთა „ბაზრები“.
ბუნებრივი რესურსები
ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგი, სარეწაო-სანადირო ცხოველები ხმელეთზე და სანაპირო წყლებში. მუდმივი დასახლება წარმოშვა სამთამადნო მრეწველობამ.
წყარო