შუა დუნაის ვაკე
შუა დუნაის ვაკე (ასევე ცნობილი, როგორც უნგრეთის დაბლობი ან პანონიის ვაკე) წარმოადგენს ვრცელ დაბლობ რეგიონს მდინარე დუნაის შუაწელში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. გეოგრაფიულად იგი შემოფარგლულია ალპების, კარპატებისა და დინარის მთიანეთით.
რელიეფისა და მთლიანად ლანდშაფტის ხასიათით არსებითად განსხვავვებულია შუა დუნაის მარცხენა და მარჯვენა მხარეთა ნაწილები. მარცხენა მხარე (დუნაიდან აღმოსავლეთით მდებარე ვაკის ნაწილი) გამოირჩევა ყველაზე უფრო ერთგვაროვანი ბრტყელი ზედაპირით, რომლის სიმაღლე 100 მ არ აღემატება. იგი ცნობილია დიდი უნგრეთის ვაკის, ანუ ალფედის სახელწოდებით. მას მერიდიანულად თითქმის შუაზე კვეთს მდინარე ტისას ხეობა.
მარჯვენა მხარეში (დუნაიდან დასავლეთით მდებარე ვაკე) დაძირვა ნაკლები ინტენსიობის იყო, რამაც განსაზღვრა ბორცვიან-მაღლობებიანი ვაკის (250-350 მ) განვითარება 750მ-მდე სიმაღლის ცალკეული ლოდა მასივებით, რომელთაგან ყველაზე მაღალია ბაკონი. შუა დუნაის ვაკის ეს ნაწილი ცნობილია დუნანტულის სახელწოდებით. შუა დუნაის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცნობილია მცირე უნგრეთის დაბლობის (კიშალფელდი) სახელწოდებით.
ვაკე ისტორიულად წარმოადგენდა ხალხთა მიგრაციის მნიშვნელოვან დერეფანს. დღეს ის მჭიდროდ არის დასახლებული და მასზე მდებარეობს ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბრატისლავა და ზაგრები.