ბანძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:05, 16 მაისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბანძა - სოფელი საქართველოში აღმოსავლეთ სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა სანაპიროზე. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით მარტვილის მუნიციპალიტეტში შედის, მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე. ბანძას დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან აბაშის ხეობა ესაზღვრება, ჩრდილოეთით სოფლები – ნაჯახუ და ნაჯიხუ (ნოჯიხენი), აღმოსავლეთით – ნაგიბერუ და ონოღია, სამხრეთით – ვედიდკარი და მუხურჩა.

სოფლის ცენტრალური ნაწილი ზღვის დონიდან 90 მ სიმაღლეზეა. ტერიტორია ვრცელდება მერიდიანულად. სოფლის უდიდესი სიგრძე 7 კმ-ია, ხოლო სიგანე – 4 კმ.

XX საუკუნის დასაწყისამდე ბანძა მის გარშემო მდებარე ოცამდე სოფლის ცენტრად ითვლებოდა. ტერიტორიულად მის შემადგენლობაში შედიოდა ორქა, მახათი, მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძა, ონოღია, ნაგიბერუ, ნაჯახუ, ნაჯიხუ (ნოჯიხენი), ლეხაინ- დრე, ნაგვაზუ, მაგრამ დარაიონების შემდეგ ბანძის თემს წილად ხვდა ტერიტორიის ის ნაწილი, რაც მას უჭირავს ამჟამად. (სოფლები: ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე).

სარჩევი

ისტორია

არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ ბანძა და მისი შემოგარენი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში (ნეოლითი). 1958 წელს ნიადაგის დამუშავების დროს შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ნეოლითის ხანის ადამიანის მიერ გამოყენებული ნივთები - კაჟის ისრისპირი და სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნუკლეუსები, რაც მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდშია დაცული.

ვახუშტი ბატონიშვილი XVII ს-ის ოდიშის სამთავროს პოლიტიკური ცხოვრების ეპიზოდების აღწერისას ბანძას არაერთხელ მოიხსენიებს: „ბანძას ბრძოლასა შინა შეიპყრნეს ქართველნი...“; „იქმნა ბრძოლაცა ბანძას სასტიკი“; „მაშინ იძლივნენ იგინი ბანძას და ლტოლვილთა მოსვრიდნენ ალექსანდრესანი“. იქვე წერს: ,,მივიდა ბანძიდამ ქუთათისს“.

მოტანილი ამონარიდებით ვახუშტი ეხმაურება იმერეთის მეფე ალექსანდრე III-სა და გურია-ოდიშის მთავრებს შორის 1658 წელს გამართულ ბრძოლას. გამარჯვებულმა იმერეთის მეფემ ოდიშის მთავრის ტახტზე ვამეყ ლიპარტიანი დასვა. ბანძის ბრძოლის შესახებ ცნობებს გვაწვდის 1680 წლის ახლო ხანებში შედგენილი „შეწირულების სიგელი“, სადაც ვკითხულობთ: „ეს ხუხუ ოდიშარია ბანძის ომზე დაკარგულიყო და კაცია ჭილაძეს დაეხსნა“.

სამეგრელოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი

ბანძა, როგორც სამეგრელოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი, XIX ს-ის II ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული ბაზრის განმტკიცების, ძირითადად აღმოსავლეთ სამეგრელოს სოფლის მეურნეობისა და შინამრეწველობის პროდუქციის რეალიზაციის საქმეში. ბანძის სავაჭრო ცენტრად გარდაქმნას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. იგი სენაკის მაზრის შუა ადგილზე იმყოფებოდა, რის წყალობით აქ ბაზრობას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ის 60-იანი წლებიდან. 70-90-იან წლებში იგი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ყურადღების ცენტრში მოექცა. აქვე იყო სამამასახლისო ცენტრი, 1875 წლიდან აქვე მოქმედებდა საშინაო სკოლა, სადაც დადიოდნენ ბავშვები ბანძის საზოგადოების სოფლებიდან. ფოთი- თბილისის რკინიგზის გაყვანამდეც ბანძაში გაჩაღებული ვაჭრობა აქაურ მედუქნეებს დიდ შემოსავალს აძლევდა. სოფლის ცენტრში, სახმელეთო გზის გასწვრივ ჩამწკრივებული იყო სავაჭრო და საბაზრო ნაგებობანი. ბანძა წარმოადგენდა ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ცენტრს, სახელოსნო და სავაჭრო საწარმოებით, ბაზრით, მწკრივად განლაგებული ფიცრული ნაგებობებით და ათეულობით კერძო მობინადრეთა შენობებით. სოფელი თვალსაჩინო როლს თამაშობდა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. სოფელს სიცოცხლეს ჰმატებდა საკვირაო ბაზრობა. აქ იყო ახლომახლო სოფლების მცხოვრებთა სავაჭრო ადგილი. აქ მოდიოდნენ ვაჭრები სენაკიდან, მარტვილიდან, ხონიდან, სუჯუნიდან და სხვ.

რელიეფი

ჰიფსომეტრიული განვითარების მიხედვით სოფელი მარტვილის რაიონის ბარის ზონის ცენტრს წარმოადგენს. მისი ამაღლება 80 მ-დან 110 მ-ს აღწევს. დაბლობის ზედაპირი აგებულია თანამედროვე ალუვიური ნაფენებით, რომლებიც მდინარეთა მიერ ჩამოზიდული ქვიშნარ-თიხოვანი მასალისგან შედგება. მდ. აბაშის გაყოლებით გვხვდება კენჭი, ღორღი, სიპისა და რიყის ქვები. დაბლობის ჩრდილოეთ მხარეს ალუვიური ნაფენები ქმნიან გორაკ- ბორცვიან სერებს, რომელთა ამაღლებაც კონტრასტულად, კიბის საფეხურების მსგავსად ხდება.

ბანძასა და მის მახლობლად მოედინება მდინარეები – აბაშა, ნოღელა და ტარჩენი.

ჰავა

სოფელი მოქცეულია ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში. მ. კორძახიას თქმით, მდინარეებს– აბაშასა და ცხენისწყალს შორის მოქცეული აღნიშნული ტერიტორიისთვის დამახასიათებელია კარგად გამოსახული მუსონური ქარები და ნალექების მაქსიმალური რაოდენობა ზაფხულსა და შემოდგომაზე.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1099 ადამიანი.

საკულტო ნაგებობები

ბანძაში არსებობდა რამდენიმე ქრისტიანული სალოცავი. სოფლის საკულტო ნაგებობათაგან შეგვიძლია დავასახელოთ შაურკარის, ჯეგეეკარისა და ნაჩილაჩაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში გაჩაღებულ ანტირელიგიურ კამპანიას შეეწირა.


წყარო

ბანძა - ესკიზები სოფლის წარსულიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები