ჭოკით სიგრძეზე ხტომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 18 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭოკით სიგრძეზე ხტომასაქართველოში, კერძოდ მის მთიან რაიონებში, წინააღმდეგობათა გადასალახავად ძველთაგანვე გამოყენებული იყო მოძრავი საყრდენები. იგი გავრცელებული იყო სხვა ხალხთა ყოფა- ცხოვრებაშიც. მაგალითად: ბურიათები ნადირობის დროს ჭოკების დახმარებით ხტებოდნენ პატარა მდინარეებზე, განიერ თხრილებზე, ხევებსა და ორმოებზე. დროთა ვითარებაში ჭოკით სიგრძეზე ხტომა „გასართობ ვარჯიშად“ გადაიქცა. ევროპაში, კერძოდ ჰოლანდიაში, ჭოკით სიგრძეზე ხტომა ადრე მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებს ემსახურებოდა. სოფელ ვინსიუმში კი ეს წესი გადაიზარდა ტრადიციულ შეჯიბრებაში ჭოკით სიგრძეზე ხტომაში. აღსანიშნავია, რომ ვინც მდინარეს ვერ გადაახტებოდა, წყალში ჩავარდებოდა და, თითქოს, ბუნებრივად ისჯებოდა. ამრიგად, ხტომის ამ სახეობამ, გამოყენებით მნიშვნელობასთან ერთად, ფიზიკური აღზრდის ხალხური სისტემის საშუალების მნიშვნელობაც მიიღო.

საქართველოში, მთის სოფლებსა და ბარშიც მოცემული საკითხის ეთნოგრაფიულმა შესწავლამ დაგვანახა, რომ ჭოკით, როგორც მოძრავი საყრდენით, ხტომა პირველად საყოფაცხოვრებო ხასიათისა იყო.

ვფიქრობთ, რომ სიმაღლეზე ჭოკით მხტომელ სპორტსმენთა ნაკლებობა შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, იგი განპირობებულია შესრულების ტექნიკის სირთულით, მიუწვდომელია სპორტსმენთა (ფიზკულტურელთა) მასისათვის, მით უმეტეს, რომ იგი ისტორიულად რომელიმე ხალხის ყოფასთან არ არის დაკავშირებული. ეს მაშინ, როდესაც ჭოკით სიგრძეზე ხტომა განავითარებს და სრულყოფს ფიზიკურ, ნებელობით და მორალურ თვისებებს არანაკლებად, ვიდრე ჭოკით სიმაღლეზე ხტომა.

თუ ხტომების ამ ორ სახეობას შევადარებთ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებელობითი თვისება უფრო მეტად ჭოკით სიგრძეზე ხტომებით გამომუშავდება, ვიდრე ჭოკით სიმაღლეზე ხტომით. აქვე შევნიშნეთ, რომ ჭოკით სიგრძეზე ხტომის დროს ადამიანი კმაყოფილების გრძნობით იმსჭვალება. მან უკვე იცის, რომ ამ სახეობის დაუფლებით გაუადვილდება ჭაობების, მდინარეების, ხრამების გადალახვა, ამრიგად, მან უკვე იცის რას ეუფლება და რისთვის ეუფლება, ხოლო ჭოკით სიმაღლეზე მხტომელი სპორტსმენისათვის სავსებით გასაგებთ არ არის ამ ხტომის გამოყენებითი მნიშვნელობა.

მძლეოსნობის შესახებ ერთ-ერთ წიგნში წერია, რომ „ჭოკით ხტომა, როგორც მძლეოსნური ვარჯიში, შედარებით გვიანაა გამოყენებული, რომ... „ამ დრომდე ჭოკით ხტომა გამოიყენებოდა როგორც ტანვარჯიშული ვარჯიში. მაგრამ ჯერ კიდევ. უფრო ადრე... ჭოკით ხტომით სარგებლობდნენ ჭაობებში სიარულის დროს" ჭოკით ხტომა მოხსენებულია ვ. იაკოვლევის შრომაში, იქ ლაპარაკია ჭოკის საშუალებით თხრილებზე, რუებზე, ან პირობითად მიწაზე დასახულ თხრილებზე გადახტომის შესახებ.

საქართველოში პატარა მდინარეებზე ამ საშუალებით ჯარის გადაყვანა დამოწმებულია ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. ცნობილი იტალიელი მხატვრის კასტელის ალბომში (კასტელი საქართველოში ცხოვრობდა XVII საუკუნის 30-35 წლებში) ჩახატულია ჯარების მასობრივი გადაყვანა მდინარეზე ჭოკით. სურათზე აღბეჭდილია საომარი ბანაკი, მეომრებს ხელში დროშები და გრძელი ჯოხები (ჭოკები) უჭირავთ. შუაში მდინარეა, მარჯვნივ ჯარის ნაწილი, რომელიც ჭოკების დახმარებით მდინარის მეორე ნაპირზე გადადის.

ჩვენ ამ დოკუმენტს ვთვლით იმის მკაფიო დადასტურებად, რომ საქართველოში, XVII საუკუნეში ჭოკით ხტომა მიღებული იყო ლაშქრობის დროს წინააღმდეგობათა გადასალახავად.

პოკით სიგრძეზე ხტომა ჩვენ მიერ აღწერილია საქართველოს მთელ რიგ მთიან რეგიონებში (ხევსურეთში, სვანეთში, ფშავში, ხევში, მთიულეთ-გუდამაყარში, ზემო და მთის რაჭაში). იგი დამოწმებულია აგრეთვე გორის, ბორჯომის, სიღნაღის და ბევრ სხვა რაიონში, სადაც, ახლაც კი, ახალგაზრდები ჭოკის ნაცვლად იყენებენ მეცხვარის კომბალს (ორი მეტრის სიგრძის).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ სვანეთში ისეთ ბუნებრივ დაბრკოლებებთან, როგორიცაა მთის მდინარე, ნაპრალები, თხრილები, ხევები, ჩვეულებრივ, იდო ჭოკი. თუ რაღაც მიზეზების გამო იგი არ იყო ადგილზე, სვანი, რომელიც გადასვლას აპირებდა, გამოჭრიდა საჭირო ზომის ჯოხს და დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, როგორც წესი, ტოვებდა მას ერთ-ერთ ნაპირზე, რათა სხვა მოგზაურს გამოეყენებია. სვანი ახალგაზრდები დღესაც ერთმანეთს დიდი ენთუზიაზმით ეჯიბრებიან ამ სახეობაში. ფშაველები კი, სვანებისაგან განსხვავებით, ჭოკს არ ტოვებდნენ ნაპირზე, რომ იგი მტერს არ გამოეყენებია. ფშავში ჭოკით ხტებოდნენ როგორც სიგრძეზე, ასევე გვერდზე, ამიტომ ხმარობდნენ სხვადასხვა ზომის (ორიდან ოთხ მეტრამდე) ჭოკებს.

იგივე დადასტურებულია ო. ვახანიას მიერ აფხაზეთში. სიგრძეზე ჭოკით ხტომა ჩვეულებრივი მოვლენა იყო მონადირეებისათვის, რომლებსაც ხშირად უხდებოდათ სხვადასხვა დაბრკოლებათა გადალახვა. ჩვეულებრივ, საჭირო ზომის ჭოკი ადგილზევე იჭრებოდა, მაგრამ თუ წყლიანი დაბრკოლებები ხშირად იყო, მაშინ ჭოკი თან მიჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ტოვებდნენ გამოყენების ადგილზე, რომ სხვებს შეძლებოდათ მათი მოხმარება.

მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა კომპლექსური ღონისძიებების – ოლიმპიადების, სპარტაკიადების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების – მოწყობა და საერთოდ, ხალხთა შორის სპორტული ურთიერთობის გაფართოება ახალი პრობლემა წამოიჭრა სპორტული მოძრაობის მესვეურთა წინაშე – შეჯიბრებათა პროგრამების გაფართოება, უკვე კულტივირებულ სახეობათა დახვეწა და ახალ სახეობათა შემოღება.

წყარო

ფიზიკური აღზრდის ქართული ხალხური პედაგოგიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები