მაღალაშვილი ლევან
ლევან (ლენკო) მაღალაშვილი – ( 10.08. 1879-22.08. 1926), ქართველი ოფიცერი, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი, კავალერისტი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. გიორგის ჯვრის კავალერი.
დაიბადა თბილისში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი 1899 წელს და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. სამხედრო სამსახური დაიწყო ხორუნჟად თერგის კაზაკთა ჯარების ვოლგის 1-ლ პოლკში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის 1900-1901 წლების ჩინეთის ლაშქრობაში.
1902 წლის 25 ნოემბრიდან სამსახური გააგრძელა სუნჟა-ვლადიკავკაზის 1-ლ პოლკში.
1904 წლის 9 ივნისს დაინიშნა იმიერბაიკალისპირეთის ამურის საკავალერიო პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში.
1909 წლის 1 იანვრისათვის ლევან მაღალაშვილი თერგის კაზაკთა ჯარების სუნჟა- ვლადიკავკაზის პირველი პოლკის პოდიასაული იყო, ხოლო იმავე წლის 24 ივლისისთვის – შტაბს- როტმისტრი.
I მსოფლიო ომში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. 1915 წელს ენიჭება პოდპოლკოვნიკის წოდება. 1916 წლის ივლისიდან ,,კავკასიის ველური დივიზიის” პოლკის მეთაურია. აქვე, 1916 წლის 11 სექტემბერს ენიჭება პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ბრძოლებში გამოჩენილი პირადისი მამაცისა და მაღალი საბრძოლო სულისკვეთების გამო, 1917 წლის 29 ივნისს დროებითი მთავრობის მიერ დაჯილდოვდა გიორგის IV ხარისხის ჯვრით. და აქვე ენიჭება გენერალ მაიორის წოდება.
1918 წლის იანვარში შამქორთან მეთაურობდა თათართა დივიზიას, რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს კავკასიის ფრონტის დეზერტირად ქცეული გაბოლშევიკებული რუსული არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ.
1918 წლის გაზაფხულიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია. მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში. იყო ბორჩალოს მაზრის მოხალისე მუსლიმთა პოლკის მეთაური.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და გენერალიტეტის სხვა წარმომადგენლების მსგავსად მიდის ემიგრაციაში. იმყოფებოდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ გადადის და ცხოვრობდა გერმანიაში, მიუნხენში, სადაც გარდაიცვალა კიდეც ტუბერკულოზისგან 1926 წელს. დაკრძალულია იქვე.
სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის ჯვრის IV ხარისხის (დაფნის რტოთი – 1917 წ.) წმ. სტანისლავის III ხარისხის (მახვილებითა და ბაფთით – 1904 წ.), წმ. ანას III ხარისხის (მახვილებითა და ბაფთით – 1906 წ.), წმ. ანას II ხარისხის (მახვილებით – 1906 წ.), წმ. ვლადიმირის IV ხარისხის (მახვილებითა და ბაფთით – 1915 წ.) წმ. გიორგის ჯვრის IV ხარისხის (დაფნის რტოთი – 1917 წ.) ორდენებით.
წყარო
- ქართველი გენერლები
- რუსეთის ქართველი გენერლები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენოსნები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები (1918-21)
- მაღალაშვილები