ნიკოლაიშვილი გურამ
გურამ გიორგის ძე ნიკოლაიშვილი – (დ. 3 ნოემბერი 1952), ქართველი გენერალ-მაიორი (13.09.1993), გენერალ-ლეიტენანტი (24.05.1996).
დაიბადა ქალაქ ქობულეთში. 1970 წელს დაამთავრა ქობულეთის №1 საშუალო სკოლა, 1974 წელს – თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი, ხოლო 1991 წელს – ლენინგრადის კალინინის სახელობის საარტილერიო აკადემია.
1974-1976 წლებში მსახურობდა საარტილერიო ოცეულის მეთაურად,ხოლო 1976-1980 წლებში – საარტილერიო ბატარეის მეთაურად.
1980-1984 წლებში მსახურობდა მე-7 გამაგრებული რაიონის ცალკეული საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსად. 1984 წელს დაინიშნა საარტილერიო დივიზიონის მეთაურად.
1986-1987 წლებში მსახურობდა შტაბის უფროსად გამაგრებული რაიონის არტილერიის უფროსად, ხოლო 1987-1989 წლებში – შტაბის უფროსად – მე-7 გამაგრებული რაიონის უფროსის მოადგილედ.
1989-1990 წლებში იყო ქალაქ თბილისში დისლოცირებული მე-100 გვარდიული დივიზიის სათადარიგო სასწავლო საარტილერიო პოლკის მეთაური, შემდეგ – დივიზიის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების მეთაური.
1991-1992 წლებში მსახურობდა კორპუსის არტილერიის უფროსად. 1992 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედროწოდება.
1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია. 1993 წლის 13 სექტემბერს მიენიჭა ,,გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდება.
1992-2004 წლებში მსახურობდა მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად, მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ, მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაციის შტაბის უფროსის მოადგილედ.
1996 წლის 24 მაისს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.
2004 წლიდან თადარიგშია.
აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომში ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია „სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის“ III ხარისხის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით (1989 წ.) (სსრკ) და ,,ვახტანგ გორგასლის“ II ხარისხის (1996 წ.) ორდენით.
ამჟამად ცხოვრობს თბილისში და აგრძელებს აქტიურ საზოგადო ცხოვრებას. არის პოლიტიკური პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და მედიაკავშირი ,,ობიექტივის“ ეთერში მიმდინარე ყოველკვირეული სამხედრო-ანალიტიკური გადაცემის ,,თუ გინდა მშვიდობა“ (Si vis pacem) ავტორი და წამყვანი.