ბალანჩივაძე მელიტონ
ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე - (24. XII. 1862, სოფელი ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი,-21. XI. 1937, ქუთაისი), ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1933). 1880-იდან ფ. ქორიძის მოწვევით თბილისის ოპერის გუნდშია. აქვე იმღერა სოლო პარტიებიც (ვალენტინი „ფაუსტში“, ზარეცკი „ევგენი ონეგინში“). 1882 ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი. 1883 გაიმართა კონცერტი, რაც იყო ქართული ხალხური სიმღერების საჯარო შესრულების პირველი შემთხვევა.
1883-86 ფ. ქორიძესთან ერთად მთელი საქართველო მოიარა ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შესწავლისა და ჩაწერის მიზნით.
1889-95 ბალანჩივაძე პეტერბურგის კონსერვატორიაში ჯერ ვოკალს ეუფლებოდა, შემდეგ კი კონსერვატორიის დირექტორის ა. რუბინშტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი-კორსაკოვთან. მან დასაბამი მისცა ქართული მუსიკის ორ უმთავრეს ჟანრს - რომანსსა და ოპერას. მის მიერ 1888 შექმნილი სამი რომანსი „ოდესაც გიცქერ“, „შენ გეტრფი მარად“ და „ნანა შვილო“ ქართული კამერული ვოკალური ლირიკის პირველი კლასიკური ნიმუშებია.
იგი 28 წელი რუსეთში მოღვაწეობდა, რითაც ხელი შეუწყო ქართული მუსიკის გავრცელებასა და პროპაგანდას. ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი, რომელიც ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. 1917 ბალანჩივაძე ბრუნდება საქართველოში აქ იგი აარსებს ქუთაისისა და ბათუმის სამუსიკო სასწავლებლებს. უკანასკნელ წლებში ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის (შემდგომში მისი სახელობის) დირექტორად მუშაობდა. 1926 თბილისის საოპერო თეატრში დაიდგა ბალანჩივაძის ოპერა „თამარ ცბიერი“ (ლიბრეტო კ. ფოცხვერაშვილის). ოპერის მთავარი ნაწყვეტები შესრულდა პეტერბურგში (1897). განმეორებით – 1912 რუსი მსახიობების მონაწილეობით.
ბალანჩივაძის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია კანტატა „დიდება ზაჰესს“, „სტუდენტების სიმღერა“ ქალ-ვაჟთა გუნდისათვის, „ქართული ეროვნული მარში“ სიმფონიური ორკესტრისათვის და სხვ. მისი შვილებია ანდრია ბალანჩივაძე და გამოჩენილი ამერიკელი ბალეტმაისტერი ჯორჯ (გიორგი) ბალანჩინი (1904-1983). (ა. წულუკიძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")