ჩაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 23 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაფი

ჩაფი - 1. ღვინისა და წყლის სათავსი, თიხის მოზრდილი ჭურჭელი. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ჩაფი, ხელჩაფი, ჩაფურა და ქუთათური - ძველად, საღვინე ჭურჭელად ითვლებოდა. ჩაფი 10-15 ლიტრს იტევს, ხელჩაფა, ჩაფურა და ქუთათურის ტევადობა 2-3 ლიტრა. დასახელებული ჭურჭლები ფორმით ერთსახოვანია, ტევადობით განსხვავებული. სითხის მოსაკავებელი თიხის ჭურჭელთა შორის ჩაფი ყელისა და პირის მოყვანილობით განსხვავდება. რაჭაში ღვინის საწყაო ჩაფს „მენახევრეს“ უწოდებენ. ბოლო ხანებში „მენახევრეს“ ცვლის ტერმინი „ფუთიანი“, რაც საწყაოს ახალი ზომის გამომხატველია. ჩაფი რაჭაში იმერეთიდან შეჰქონდათ, მას ზემო რაჭის სოფლებშიც (შეუბანი, სომიწო) ამზადებდნენ, თუმც მომხარებელი იმერულ ნაკეთობას ამჯობინებდა. სამთავროში აღმოჩენილ კერამიკულ ნივთთა შორის გვხვდება ჩაფის ანალოგიური სახის ჭურჭელი.

2. საწყაო. გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით ტერმინი - „ჩაფი“ პირველად XIII ს-ში შედგენილ ვანის ქვაბთა შეწირულობებში მოიხსენიება. XVI ს-დან იგი ფართოდ ვრცელდება მთელს საქართველოში. სულხან-საბა ჩაფს კოკის ნაოთხალად თვლის და მას გუერდის და დორაკის ტოლფას საწყაოდ მიიჩნევს. XIX ს-ის მონაცემებით ჩაფი შეიცავდა 3 თუნგსა და 12-თუნგიანი კოკის მეოთხედს შეადგენდა. უფრო მოგვიანებით ჩაფს 1-თუნგიან ჭურჭლადაც მოიხსენიებენ. ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ არსებობდა ჩაფი, რომელიც 12,3 ლიტრს იტევდა. აღმ. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში სპილენძის ჩაფიც დასტურდება და ძირითადად გამოიყენება ქვევრიდან ღვინის ამოწყვის დროს. კარგად გაწყობილ მარანში, როგორც წესი საწყაო ჩაფი აუცილებელი ნივთი იყო.

ლიტერატურა

ლ. ფრუიძე, მეღვინეობა საქართველოში, 1974. ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. მ.ზ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები