წარმართობა
წარმართობა - თეოლოგიური თვალსაზრისით, სიტყვა „წარმართი“ ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. მას პირობითი მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება აღთქმის მქონეთა განსასხვავებლად იმათგან, ვინც ხსნის ხალხს არ განეკუთვნება (გოიმი).
ახალი აღთქმის თეოლოგიის თანახმად, წარმართებად ქრისტეს მორწმუნეთა (ხილული) საზოგადოების, ანუ ეკლესიის, გარეთ მყოფნი მიიჩნევიან.
ეტიმოლოგიურად „წარმართი“ (pagano) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან pagani, რომელიც სოფლის, ლათინურად pagus, მცხოვრებლებს აღნიშნავს. სოფლის მაცხოვრებელთა არასათანადო კულტურული განვითარების გამო მათმა აღმნიშვნელმა განსაზღვრებამ კულტურული ჩამორჩენილობისა და ზნეობრივი სიმდაბლის მნიშვნელობა შეიძინა. თანამედროვე ეპოქაში წარმართი „ველურის“ სინონიმად იქცა.
წარმართობა აბსოლუტურად უპირისპირდება მონოთეისტურ რელიგიებს. წარმართობა პრინციპულად მრავალღმერთიანობაა. ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს მრავალღმერთიანობა მეორეული წარმოშობისაა. სამოთხეში მყოფი ადამი, ბუნებრივად, მონოთეისტი იყო, სხვა ღმერთი მისთვის, გარდა მისი გამჩენისა, არ არსებობდა. სამოთხიდან განდევნის შემდეგ ადამმა და მის კვალზე მისმა მოდგმამ დაკარგეს ერთი ღმერთის რწმენა, ღმერთი დანაწილდა ბუნებაში, ბუნების მოვლენებში, თუმცა ერთი ღმერთის წარმოდგენა სავსებით არ გამქრალა. ქრისტიანობის თვალსაზრისით, კაცობრიობის ისტორია ადამის განდევნიდან ძველი აღთქმის მონოთეიზმამდე ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ძიების პროცესია.
მრავალღმერთიანობის გარდა წარმართობისთვის დამახასიათებელია ქალღმერთის კულტი, რომელსაც ხანგრძლივი წარსული აქვს, მისი ფესვები უხსოვარ დროში იკარგება. არც ერთი წარმართული რელიგიური სისტემა მის გარეშე არ არსებულა. ამას უამრავი არქეოლოგიური ძეგლი მოწმობს, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ფიგურები მკვეთრად გამოხატული გენიტალიებით მიუთითებს ნაყოფიერების კულტის წამყვან ადგილზე ძველ რელიგიებში, რამაც დიდხანს გასტანა და აქაიქ დღესაც შეიძლება დადასტურდეს. ჩვენში ლაპარაკობენ ფალოსის კულტის არსებობაზე იმ გამოსახულებების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია შემორჩენილი. ერთი ასეთი ქვათახევის მონასტრის ტერიტორიაზე მოიპოვება. უშვილო დედაკაცები მიდიან იმ ქვასთან შესაწირავითა და აღთქმებით შვილიერების გამოსათხოვად. ეს უძველესი რელიგიური პრაქტიკა, როგორც ჩანს, მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული რელიგიის წმიდა ადგილზე. ფალოსის ქანდაკთან მიახლებულ უშვილო ქალს არაფერი უშლის ხელს ილოცოს ამავე თხოვნავედრებით ღვთისმშობლის მიმართ. მართალი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ეს რელიგიური სინკრეტიზმი ჯერ რელიგიური ცნობიერების ფაქტია, მერეღა - რიტუალური.
და მაინც, რელიგიურ-ისტორიული აზრი იქითკენ იხრება, რომ ამგვარი მოვლენები ხალხის საკულტო ყოფაში მეორეულ ფაქტებად ჩაითვალოს და არა ყოველთვის ძველი ისტორიული წარმართობის გადმონაშთად (თუ დღესდღეობით ნიადაგგამოცლილ გადმონაშთების თეორიას საერთოდ ვირწმუნებთ). მრავალი ფაქტი ხალხური რელიგიისა მოწმობს, რომ ქრისტიანობას ყველა ეტაპზე თან ახლავს პაგანიზაციის („გაწარმართების“) განუწყვეტელი პროცესი. პაგანიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან პაგუს - „სოფელი“, პაგანუს - „სოფლური“. ამრიგად, პაგანიზმი სოფლური რელიგიაა, რომელსაც მისდევს სოფლის ხალხი. სოფლური რელიგია დაუპირისპირდა ქალაქის ქრისტიანობას და ეს ტერმინიც ამ რეალობას ასახავს.
ძნელია ქართულ სინამდვილეში პაგანიზმზე, როგორც რელიგიურ სისტემაზე ლაპარაკი. როგორი სახე ჰქონდა მას საქართველოში, უცნობია. ერთადერთი საისტორიო წყარო, საიდანაც ჩვენ გვაქვს ერთგვარი, თუმცა მწირი, წარმოდგენა წარმართულ პანთეონზე, ქართლის მოქცევის ამსახველი ტექსტია, სადაც არმაზი, გაცი და გაიმი, ზადენი, აინინა და დაინინა (თუ ინინა) მიჩნეული არიან ქართლის მფარველებად, ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის გარანტებად. მათი კერპები მცხეთაში, მტკვარგაღმა, მაღალ მთაზე მდგარან და როგორც მცველები გადმოჰყურებდნენ ქალაქს. ხალხური გადმოცემები მათ შესახებ დუმან; არ ჩანს, რომ ისინი ისტორიის თვალსაწიერში კულტის ობიექტები ყოფილიყვნენ. მხოლოდ აქაიქ მიკროტოპონიმებად შემორჩა მათი სახელები: არმაზი (მცხეთაში და სამცხეში), ზადენი - ადგილის სახელში ზედაზენი (ანუ ზედა ზადენი).
წყარო
რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი,2008