ბაგრატ IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 18 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ IV (1018 ან 1020 – 24.XI.1072) - საქართველოს მეფე 1027-72. ბაგრატ IV-ის უმთავრესი ამოცანა იყო საქართველოს საბოლოო გაერთიანება და მისი დაცვა უცხოელი დამპყრობლებისაგან (ბიზანტიელები, თურქსელჩუკები). მცირეწლოვანი ბაგრატის გამეფებისთანავე, 1028 წელს, საქართველოს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის ჯარი შემოესია. ბიზანტიელებმა თრიალეთამდე და შავშეთამდე შემოაღწიეს, მაგრამ ფართოდ გაშლილი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. 1032 წელს ბაგრატ IV-ს განუდგა მისი ნახევარძმა დემეტრე და ბიზანტიელებს გადასცა ანაკოფიის ციხე. 30-იან წლებში დაიწყო ბრძოლა თბილისის შემოერთებისათვის. 1037-39 წლებში ქალაქი გარემოცული იყო ქართველ მეფეთა (ბ. IV და გაგიკი, კახეთ- ჰერეთი) ჯარების მიერ. თბილისელი მუსლიმანები უკვე დანებებას აპირებდნენ, როდესაც ბ. IV თბილისის ამირას დაუზავდა და ქალაქის ალყა მოშალა. ეს ფაქტი თბილისის გარემოცვის მთავარი ინიციატორის, კლდეკარის ერისთავის ლიპარიტის (იხ. ლიპარიტ IV ბაღვაში) მეფეზე განაწყენების საბაბად იქცა. ამის შემდეგ დაწყებული ბრძოლა ბ. IV-სა და ლიპარიტს შორის თითქმის 20 წელი გრძელდებოდა. 1045 წელს სომხეთის დედაქალაქის ანისის თავკაცებმა, რომლებიც შეწუხებული იყვნენ ბიზანტიელთა აგრესიით, ქალაქი ბ. IV-ს გადასცეს. მომდევნო წელს მეფეს თბილისის მოსახლეობამაც მიმართა ქალაქის ჩაბარების თხოვნით, მაგრამ ლიპარიტ ერის- თავის აჯანყების გამო ბ. IV-მ დაკარგა ანისი და თბილისი (1046). ლიპარიტი მეფემ მხოლოდ 1058 წელს იგდო ხელთ და იძულებით ბერად შეაყენა. 1064 წელს დაიწყო თურქსელჩუკთა შემოსევები საქართველოში (იხ. ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში). განსაკუთრებით გამანადგურებელი იყო სულ- თან ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობა 1067 წლის ნოემბრიდან 1068 წლის იანვრამდე. მიუხედავად ამისა, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა არ დაცემულა. სელჩუკთა მთავარი ძალების წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ბ. IV-მ წარმატებული ლაშქრობები მოაწყო მისი ვასალების (განჯის ამირა და სხვა) წინააღმდეგ. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს, მისი მიწვევით 1060-65 წლებში საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა. არსებობს მოსაზრება, რომ ბ. IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი. ბ. IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად, დაასაფლავეს ჭყონდიდში. მისი ერთადერთი დაზიანებული ფრესკა შემორჩენილია ატენის სიონში.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები