ბომბტყორცნა
ბომბტყორცნა - 1. საბრძოლო გამოყენებითი საგნის „დაზიანების საავიაციო საშუალებების საბრძოლო გამოყენება“ განყოფილება. ძირითად შინაარსს შეადგენს: საავიაციო ბომბების ბალისტიკა, დამიზნების თეორია, დამიზნებითი სანავიგაციო სისტემები, საფრენი აპარატების ბომბდამშენი შეიარაღება. ბომბტყორცნა ფართოდ გამოიყენება ბომბდამშენ, გამანადგურებელ-ბომბდამშენ და მოიერიშე ავიაციაში, სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებასთან ერთად. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ავიაციის სხვა სახეობების მიერ;
2. საფრენი აპარატის ეკიპაჟის მოქმედება საავიაციო ბომბების დამიზნების და ჩამოყრისთვის მოცემულ ობიექტზე (სამიზნეზე). მოიცავს მიზნის აღმოჩენას, დამიზნებას, შეიარაღების მომზადებას და ბომბების ჩამოყრას. განასხვავებენ ბომბტყორცნის შემდეგ ხერხებს: ჰორიზონტალური ფრენით, ლოგარითმული ტრაექტორიიდან, პიკირებით, პიკირებიდან გამოსვლით და კაბრირებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.