ჯან ალიუჩუ
ჯან ალიუჩუ (ბალყ.-ყარაჩ. Джан алиучу – „სულის წამღები“) – აგონიაში მყოფი მომაკვდავის სულის ამომრთმევი ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების თანახმად. მძიმედ დაავადებული ადამიანის ბედის (სიკვდილ-სიცოცხლის) გამორკვევის მიზნით, საწესო სამოსში გამოწყობილი პირი ავადმყოფს თვალთან მაჩვის ან ფოცხვერის თათს მიუტანდა და ეკითხებოდა: „ხედავ რამეს?“ თუ პასუხი უარყოფითი იყო, ჩათვლიდნენ, რომ ავადმყოფი კიდევ იცოცხლებდა, თუ – უარყოფითი, იტყოდნენ, რომ ჯან ალიუჩუ მოვიდა. როცა მოხუც ადამიანს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ცხოველის ბრჭყალებიან თათს დაიკავებდნენ და ამბობდნენ:
- მიწის ქალბატონი საფლავში გიხმობს,
- ქალწული უმაჲ საფლავის თავთანაა.
- იარე, იარე, იარე,
- ცხენზე უსულოდ (ევფემიზმი: მიცვალებულის საზიდარი)
- დაწექი.
აგონიის შემთხვევაში წესის აღმსრულებელი ფოცხვერის თათით ხელში ასეთ ლოცვას იტყოდა:
- უვლიდა-უვლიდა, შემოუარა,
- მთაზე ხახვი დავყარე.
- მკვდრებს შეუერთეთ,
- ცოცხლებში არ ეწერება,
- დე, თბილ საფლავში ჩავიდეს,
- დე, წავიდეს თავის ღმერთთან,
- თავის საფლავში.
- დე, მის გვერდით ნახშირი იყოს,
- დე, თავთან საკვები ჰქონდეს.
არსებობდა სხვა სახის კითხვები, რომლებსაც ავადმყოფს უსვამდნენ: „მოფრინდნენ თუ არა შენთან გუმაჲ და ხუმაჲ?“ თუ ავადმყოფი უპასუხებდა, რომ ზარნაშო ან წივწივა და ფრთებით სახეზე შეეხო, გასვენების სამზადისს შეუდგებოდნენ. ბალყართა და ყარაჩთათვის გუმაჲ სიკვდილის მაცნე იყო, ხუმაჲ კი – საცოცხლისა.
ლიტერატურა
Хатуев Р. Т. Похоронно-поминальная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017