დიდი თურქობა
დიდი თურქობა - ამ ტერმინით ცნობილია თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში.
თურქ-სელჩუკების მიერ ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციების დაპყრობის შემდეგ საქართველო ერთადერთი დამოუკიდებელი ქრისტიანული სახელმწიფო დარჩა წინა აზიაში. ამიტომ 1070-იანი წლების ბოლოდან სელჩუკთა მთავარი დარტყმები მის წინააღმდეგ იქნა მიმართული. 1080 წელს თურქები მთელ საქართველოს მოედვნენ ქართლიდან ოდიშამდე და აჭარამდე. მათ გადაწვეს ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნოები, რბევა-აკლება დაზამთრებამდე არ შეწყვეტილა. ამ გამანადგურებელ შემოსევას ქართველებმა „დიდი თურქობა“ უწოდეს. ამის შემდეგ სელჩუკებმა წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში. გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ, არბევდნენ, რისი წაღებაც შეიძლებოდა, მიჰქონდათ, დანარჩენს ანადგურებდნენ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017