აცაგი
აცაგ-ი (ოს. Ацæг) – ოსური ჯადოსნური ზღაპრის გმირი, სამ ძმათაგან უმცროსი. იყო რა „ნაცარში მჯდომი“ (фæникгуыз), ანუ შინაყუდა, უფრო ბრძენი და მამაცი აღმოჩნდა: მან დაიცვა მამის ნეშტი თეთრი, წითელი და შავი ვაიგებისგან (დევებისგან), მოკლა ისინი, ხოლო მათი ცხენები და იარაღი მყუდრო ადგილას შეინახა. მესამე დღეს მეფემ გამოაცხადა, რომ შვიდსართულიანი კოშკის თავზე თავის ერთადერთ ქალიშვილს ცხვირსახოცითა და ბეჭდით ხელში დააყენებდა და ვინც მათ დაუფლებას შეძლებდა, ცოლად მას მიათხოვებდა. აცაგმა ამ დავალებას ვაიგების ცხენებით, განსაკუთრებით თეთრი ვაიგის ბედაურით გაართვა თავი; დანარჩენი ცხენები ძმებს უსახსოვრა; თავად კი მეფის ასულთან ერთად შინ დაბრუნდა.
ლიტერატურა
Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017