ზემაღალი სიხშირის იარაღი
ზემაღალი სიხშირის იარაღი - მიმართული ენერგიის იარაღი, რომლის დამაზიანებელ ფაქტორს ზემაღალი სიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება წარმოადგენს. განკუთვნილია სამხედრო ტექნიკის დასაზიანებლად იმ რადიოელექტრონული ელემენტების მწყობრიდან გამოყვანის გზით, რომლებიც ელექტრომაგნიტური ველებისადმი მგრძნობიარობას იჩენენ.
მოიცავს გამოსხივების წყაროებს (მძლავრ რელატივისტურ მაღალი სიხშირის გენერატორებს, ციკლოტრონული რეზონანსის ლაზერებს) აპერტურული ანტენებით (სარკისებრი, რუპორული) ან ფაზირებული ანტენური ცხაურებით (ღია, გახსნილი), მიზნის აღმოსაჩენ და გამოსხივების მართვის საშუალებებს.
ზემაღალი სიხშირის იარაღს განეკუთვნება, აგრეთვე ე.წ. ელექტრომაგნიტური ბომბები, რომელთა მოქმედება ეფუძნება ასაფეთქებელი ნივთიერებების ენერგიის გარდაქმნას მაღალი სიხშირის ნაწილაკების გამოსხივებად (მაგნიტური აფეთქების გენერატორები).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017