ძალის დემონსტრირება (სამხედრო)
ძალის დემონსტრირება – რომელიმე სახელმწიფოს (სახელმწიფოების ჯგუფის) შეიარაღებული ძალების მოქმედებები, რომლებიც მეორე სახელმწიფოსადმი (სახელმწიფოებისადმი) მუქარის გამომხატველია. ხორციელდება ზეწოლით და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა დათმობებზე მისი (მათი) იძულებით.
ისტორიისთვის ცნობილია ძალის დემონსტრირების ისეთი ფორმები, როგორიც არის „ზარბაზნების დიპლომატია”, „ალმის დემონსტრაცია”.
II მსოფლიო ომის შემდეგ ძალის დემონსტრირება ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში ან რეგიონებში, როგორც პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე ზემოქმედების საშუალება. ის შეიძლება ხორციელდებოდეს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის ამაღლებით, შეიარაღების მკვეთრი გაძლიერებით, ჯარების (საზღვაო ძალების) გაშლის და სახელმწიფო საზღვრისკენ წინ წაწევით, მანევრირებით, წვრთნებით, თვითმფრინავების ფრენის მოწყობით და ა.შ. მშვიდობას და ხალხთა უსაფრთხოებას განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის ძალის დემონსტრირება ბირთვული იარაღის და მასობრივი დაზიანების სხვა სახეობების იარაღის გამოყენების მუქარით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017