დირექტივა (სამხედრო)
დირექტივა (სამხედრო) - (ფრანგული directive-სგან, ლათინურიდან dirigo-სგან - გიგზავნი), ჯარების (ძალების) მართვის ოპერატიული (საბრძოლო) ან სამსახურებრივი დოკუმეტი, რომელიც შეიცავს სახელმძღვანელო მითითებებს ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადებისა და წარმოების, ჯარების წვრთნის, საშტატო ორგანიზაციის, მომარაგებისა და მათი ცხოველმოქმედების სხვა საკითხებზე.
დირექტივა გამოიყენება უმთავრესად შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის სისტემაში სტრატეგიული, ოპერატიულ-სტრატეგიული და ოპერატიული გაერთიანებების მართვისთვის. დირექტივაში ჩამოყალიბებულია განსახორციელებელი ღონისძიებების მიზანი, ამოცანები, მათი შესრულების წესი და ვადები. ისინი შეიძლება იყოს ოპერატიული, საორგანიზაციო – სამობილიზაციო, ჯარების (ძალების) ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ლოგისტიკის.
ოპერატიული დირექტივა
ოპერატიული დირექტივა - დოკუმენტი, რომლის მეშვეობით საბრძოლო ამოცანებს დაიყვანენ დაქვემდებარებულ გაერთიანებამდე (ფლოტის ძალების დაჯგუფებამდე). იგი შეიცავს მონაცემებს, რომლებიც სარდლებისთვის აუცილებელია საბრძოლო ამოცანაში გასარკვევად, გადაწყვეტილების მისაღებად, ურთიერთქმედების ორგანიზაციისთვის, ჯარების (ძალების) მართვისა და მომზადებისთვის. ოპერატიულ დირექტივას სრული მოცულობით ეცნობა პირების მკაცრად შეზღუდული წრე.
საბრძოლო მომზადების დირექტივა
ოპერატიული და საბრძოლო მომზადების დირექტივა ასახავს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ორგანოს გადაწყვეტილებას ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ორგანიზებაზე. მასში მითითებულია: ოპერატიული და საბრძოლო მომზადების პროგრამების, გეგმების შესრულების, სამხედრო დისციპლინის განმტკიცების შედეგები და დაშვებული ძირითადი ნაკლოვანებები. ბრძანებით ნაწილში დასახულია ამოცანები საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ჯარების სახეობების, გვარეობების, სპეციალური ჯარების მიხედვით და ა.შ.,
დირექტივის ტექსტური ნაწილის საერთო ფორმა განსაზღვრულია საბრძოლო დოკუმენტების გაფორმებისა და დამუშავების დადგენილი წესებით.