მაჟალო
მაჟალო - (Malus orientalis Uglitzk. ex Juz.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 10-12 მ სიმაღლის ხეა, თითქმის უეკლო. ნორჩი ყლორტები შებუსულია. ფოთლები კვერცხისებური, ელიფსური ან ლანცეტაა. ფუძესთან ახლოს კიდემთლიანია, დანარჩენი ნაწილი – დაკბილული. ზედა მხარე მცირედ შებუსულია, ქვედა მხარე სქლად არის ქეჩისებურად შებუსული. ყვავილედი 4-6-ყვავილიანია. გვირგვინი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო ელფერით. ყვ. IV;ნაყ. IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან შუა სარტყლამდე. ტყეებსა და ტყის პირას. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
მაჟალო – ბიბლიური მცენარე
ვაშლი (მაჟალო) – (Malus sylvestris)
სოლომონის „ქებათა ქებაში“ ნახსენები ვაშლის სახეობის რეალურად წარმოდგენის მიზნით ვამჯობინეთ მკითხველისათვის შეგვეთავაზებინა ვაშლის ველური სახეობის ფოტო, რითაც, ვფიქრობთ, შევუნარჩუნეთ მას არქაული სახე. ჩვენს ეპოქაში გამოყვანილია ვაშლის უთვალავი კულტურული ჯიში, მათ შორის კლონირებულიც, რომლებიც ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ რომ იტყვიან „ძველი უმჯობეს არს“.
„როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას“.
ქებათა ქება 2, 3
წყარო
- კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
- ბიბლიური მცენარეები