ციხედიდის ბრძოლა 1561
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციხედიდის ბრძოლა 1561 - ქართველების ბრძოლა ყიზილბაშებთან სიმონ I-ის მიერ თბილისის გასათავისუფლებლად დაწყებული ოპერაციის დროს.
ქართლის ლაშქარი და მის დასახმარებლად მოსული კახთა რაზმი ბატონიშვილ გიორგის მეთაურობით გამაგრებულ ბანაკში იდგა ციხედიდთან (მცხეთის რაიონში), რომლის მისადგომებს იცავდა მუხათგვერდში განლაგებული საყარაულო რაზმი. 1561 წლის 6 აპრილს ყარაულის უფროსი თავისი მეომრებით სოფლის ეკლესიაში ავიდა სააღდგომო წირვის მოსასმენად. ამით ისარგებლეს ყიზილბაშებმა და მოულოდნელად თავს დაეცნენ ქართულ ბანაკს. ფიცხელ ბრძოლაში ბატონიშვილი გიორგი მოკლეს, რამაც კახელებში არეულობა შეიტანა და ისინი გამოეთიშნენ ბრძოლას. ქართველები დამარცხდნენ. სიმონ მეფემ დარჩენილი ლაშქრით გორისკენ დაიხია, მაგრამ თბილისისთვის ბრძოლაზე ხელი არ აუღია.