კლასიცისტური არქიტექტურა
კლასიცისტური არქიტექტურა–XIX საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ევროპული დედაქალაქის ეროვნული მუზეუმების შენობები კლასიცისტური სტილის მიხედვით დაპროექტდა, რაც ახალ შენობებს კულტურის ტაძრების ფუნქციას სძენდა და ეროვნულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, ალბათ, ბერლინის ალტეს მუზეუმი (Altes Museum, ძველი მუზეუმი) გახლდათ, რომელიც 1822 წელს კარლ ფრიდრიჰ შინკელმა (Karl Friedrich Schinkel, 1781-1841) დააპროექტა და რომელიც 1824-1830 წლებში აშენდა. ალტეს მუზეუმი ხელოვნების ნიმუშების სამეფო კოლექციის გამოსაფენად აიგო შუაგულ ბერლინში, ბაროკული სამეფო სასახლის მოპირდაპირედ, მდინარე შპრეეს კუნძულზე. მუზეუმის მთავარ იმპოზანტურ ფასადს 18 იონიური სვეტისგან შემდგარი, ცოკოლზე აღმართული შთამბეჭდავი კოლონადა ქმნის, რომლისკენაც ცენტრალურ განიერ კიბეს მივყავართ. შინკელმა გაითვალისწინა ხელოვნების ნიმუშების განათების პრობლემა მუზეუმის როგორც ქვედა, ისე ზედა სართულებზე და ცენტრალური როტონდის ორივე მხარეს შიდა ეზოები დააპროექტა. მუზეუმის ფასადებზე გაჭრილი მაღალი ფანჯრები ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფდა ინტერიერს; ფანჯრების მიმართ პერპენდიკულარულად განლაგებული კედლები სურათების ზედაპირებს ანარეკლებისგან იცავდა. კლასიცისტული სტილის საჯარო ნაგებობები შეერთებულ შტატებშიც შენდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვან და სიმბოლურ კლასიცისტურ შენობას ვაშინგტონში შეერთებული შტატების კა-პიტოლიუმი წარმოადგენს. კაპიტოლიუმის თავდაპირველი პროექტი მოყვარულმა არქიტექტორმა უილიამ თორნთონმა (William Thornton, 1759-1828) შეადგინა 1792 წელს. მისი გრანდიოზული გეგმის მთავარი კომპონენტი იყო ტაძრის დამაგვირგვინებელი დიდი გუმბათი. შენობის ამ ცენტრალურ ნაწილს ორივე მხრიდან წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ორი ფრთა ესაზღვრებოდა. 1803 წელს პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა (1743-1826), ასევე მოყვარულმა არქიტექტორმა, კაპიტოლიუმის მშენებლობის გასაკონტროლებლად ბრიტანეთში ნასწავლი პროფესიონალი არქიტექტორი ბენჯამინ ჰენრი ლათრობი (Benjamin Henry Latrobe, 1764-1820) დაიქირავა. ლათრობმა შეცვალა თორნთონის პროექტი და აღმოსავლეთ ნაწილში მას დიდი კიბე და კორინთული კოლო¬ნადა დაუმატა. 1812 წლის ომის დროს, როდესაც შენობა ბრიტანელების მიერ გაიძარცვა, ლათრობმა კაპიტოლიუმის ფრ¬თები აღადგინა, თავად შენობას კი უფრო მაღალი გუმბათი დაადგა. ლათრობმა შენობის ინტერიერისთვის ტრადიციული კლასიკური სისტემიდან აღებული კორინთული ორდერის ვარიაციები შექმნა, ჩაანაცვლა რა აკანთის ფოთლები ადგილობრივი კულტურების - მარცვლეულისა და თამბაქოს - მცენარეული მოტივებით. 1817 წელს მან დატოვა თანამდებობა, კაპიტოლიუმის რეკონსტრუქცია კი ჩარლზ ბალფინჩმა (Charles Bulfinch, 1763-1844) დაასრულა. შენობის კიდევ ერთი არსებითი შეკეთება 1850 წელს განხორციელდა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაიზარდა გუმ¬ბათის ზომები. ვირჯინიის შტატში, შარლოთსვილის მახლობლად, მთის წვერზე აგებული ჯეფერსონის სახლის პროექტი, სახელწოდებით მონტიჩელო (იტალიურად - პატარა მთა), კლასიცის¬ტური არქიტექტურის მაგალითია. ჯეფერსონმა მშე¬ნებლობის პირველი ეტაპი (1769-1782), რომლის პროექტი პალადიოს სტილის საფუძველზე იყო შემუშავებული, მაშინ დაიწყო, როდესაც ვირჯინია ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. თუმცა, 1796 წელს მას გული აუცრუვდა ინგლისელებსა და მათ არქიტექტურაზე და ამერიკის ელ¬ჩად პარიზში ყოფნისას, ფრანგულმა არქიტექტურამ გაიტაცა. მონტიჩელოში მან ახალი მშენებლობა წამოიწყო (1796-1809), სა¬ხლი გააფართოვა და აგურისა და ხის ექსტერიერი ისე შეცვალა, რომ სახლის ორი სართული, მოდური პარიზული ტენდენციების მსგავსად, გარედან ერთ დიდ სართულად გამოჩენილიყო. ნაგე¬ბობამ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის თანამედროვე და საბერძნეთისა და რომის ანტიკური სამყარო გააერთიანა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სხვადასხვა კულტურის მიბაძვამ კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.