მაყვალი
მაყვალი – (Rubus fruticosus), ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით დაფარული გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე – ტურიონებზე – მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი – ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებისგან.
მაყვალი – ბიბლიური მცენარე
ქართული ტრადიციის მიხედვით სინას მთაზე ღმერთი მოსეს გამოეცხადა ცეცხლის ალად მაყვლის ბუჩქში, „მაყვლოვანში“. გამოსვლათა წიგნის ებრაული ორიგინალის მიხედვით კი „ეკლის ბუჩქში“ („ჰა სანეა“-ში). თორას ებრაული ენიდან ქართულ ენაზე ებრაელი მთარგმნელები, როგორც ჩანს ქართული ტრადიციის გავლენით „ჰა სანეას“ ე.ი. „ეკლის ბუჩქს“ „მაყვლოვანად“ თარგმნიან.
საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ბიბლიის ებრაულიდან უცხო ენებზე მთარგმნელების უმრავლესობა ერთგულად მიჰყვება ორიგინალს და თავიანთ თარგმანებში უცვლელად გადააქვთ ორიგინალისეული „ეკლის ბუჩქი“ (მაგ. რუსული თარგმანები, გერმანული შტუტგარტის ბიბლია, მენგე, ცვინგლი). ამ თარგმანებისაგან განსხვავებულ მიდგომას იჩენს ინგლისური ტრადიცია, რომელიც საუბრობს არა „ეკლის ბუჩქზე“, არამედ უბრალოდ „ბუჩქზე“. მსგავსი ვითარებაა ლუთერის გერმანული თარგმანის უძველეს გამოცემებში, რომლებმაც უახლეს დროში რედაქტირება განიცადა და შესაბამისად, „ბუჩქი“ „ეკლის ბუჩქით“ შეიცვალა. ყველა ზემოთაღნიშნული თარგმანებისაგან განსხვავებით, გამოსვლათა წიგნის ხსენებული (3,2) მუხლი ქართულის მსგავსად „მაყვლის ბუჩქითაა“ თარგმნილი ტრადიციულად ბერძნულ, ლათინურ და სომხურ ბიბლიაში. ეს თარგმანები ათი და უფრო მეტი საუკუნით ადრეა შესრულებული ბიბლიის რუსულ, ინგლისურ და გერმანულ თარგმანებთან შედარებით. ამ თარგმანებში აღნიშნული მუხლის „მაყვლით“ და „მაყვლის ბუჩქით“ თარგმნის ტრადიციას ზურგს უმაგრებს სინას მთის წმინდა ეკატერინეს და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრების ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან დიდი რუდუნებით დაცული „მაყვლოვანი“, რომელიც მარადის გვახსენებს, რომ მოსეს, სინას მთაზე ცეცხლის ალის სახით გამოეცხადა უფალი ღმერთი, ადამიანების რწმენაში განსამტკიცებლად.