თეთრძირა
თეთრძირა - (Circaea lutetiana L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა მხოხავია და გრძელყლორტებიანი. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი, რბილი ბეწვით შებუსული. სიმაღლე – 20-50 სმ. ფოთლები პირისპირ არის განლაგებული, ფოთლის ფირფიტა კვერცხისებურია ან კვერცხისებურ-ლანცეტა. ქვედა ნაწილში გაფართოებული და მჭიდროდ მიკრული ბეწვით შებუსული, ხერხკბილა. ყვავილედი მტევანია, იღლიური ან კენწრული, მარტივი ან დატოტვილი. გვირგვინის ფურცლები თეთრია, ორნაკვთიანი. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალაში, შუამთის მიდამოებში. საქართველოში გავრცელებულია ყველგან.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.