საპონელა
საპონელა – (Anagallis arvensis L.); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მთელი მცენარე შიშველია, ან მხოლოდ ნორჩობაშია შებუსული. ღერო ოთხწახნაგოვანია, გართხმული ან წამოწეული, ფოთლები მჯდომარეა, მოპირისპირედ განლაგებული, ლანცეტა ან მოგრძო-კვერცხისებური, 15-20 მმ სიგრძისა და 4-8 მმ სიგანის. ქვედა მხარეს წერტილოვანი ჯირკვლებით დაწინწკლული. ყვავილები მარტოულია, ფოთლის უბეებში განლაგებული. გვირგვინი ლურჯი ან ცისფერია, ბორბლისებური და თითქმის ძირამდე გაყოფილი გადანაღუნით, რომლის ნაკვთები ელიფსური ან კვერცხისებურია. ყვ. ნაყ. IV-VII. კახეთში ფართოდ არის გავრცელებული მდელოებზე, რუდერალურ ადგილებში, რუებისა და არხების გაყოლებით, ნათესებში. შეხვდებით სოფელ კურდღელაურის მიდამოებში, ვაშლოვანში (მიჯნისყურის მიდამოები). გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.