წითელი გვირილა
წითელი გვირილა - (Pyrethrum roseum = Tanacetum coccineum [Willd.] Grierson); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შიშველია ან ძალიან თხლად შებუსული. ღერო სწორია, მარტივი, სუსტად შეფოთლილი, სიმაღლე – 20-30 სმ. კალათა მარტოულია. ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები ყუნწიანია. ფოთლის სეგმენტები კვერცხისებურია და ღრმადაა ორმაგფრთისებურად განკვეთილი ლანცეტა ნაკვთულებად. ზედა ფოთლები დაპატარავებულია და მჯდომარე. ენისებური ყვავილები კაშკაშა ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება მთის ზედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, მდელოებსა და მაღალ ბალახეულობაში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის შესაბამის არეალში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.