ბათო-ყაენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 4 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბათო-ყაენი, ბათუ, საინ-ხანი (დ. 1208 – გ. 1255), მონღოლი ყაენი (ხანი), ჯუჩის ძე, ჩინგიზყაენის შვილიშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ (1227) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. 1236 წელს დაიპყრო ყივჩაყთა ქვეყანა, 1237-40 წლებში დაიმორჩილა რუსეთი, ეომა ოსებს და ჩერქეზებს, 1240-42 წლებში ილაშქრა ცენტრალურ ევროპაში (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, დალმაცია). 1243 წელს ევროპის ლაშქრობიდან უკან გამობრუნებულმა ვოლგაზე, სადაც დაარსდა მისი სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ, ჩამოაყალიბა სახელმწიფო ჯუჩის ულუსი – ოქროს ურდო, გადაჭიმული ირტიშიდან დუნაიმდე. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა.