სპარსეთის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპარსეთის არმია – სპარსეთის სახელმწიფო სისტემა შუა საუკუნოვანი ფეოდალიზმის მსგავსი იყო:

  • დიდებულები (აზატა),
  • გლეხები (ბანდაკა)
  • მონები (მარიკა).

სპარსეთში სამხედრო სამსახური სავალდებულო იყო ყველასათვის, გლეხისათვისაც და დიდებულისთვისაც. სამხედრო სამსახურიდან მეომრის დათხოვნა მხოლოდ მეფეს შეეძლო. ხუთ წლამდე სპარსელი ბიჭები მამებს არ ენახვებოდნენ და სახლში ქალებისათვის განკუთვნილ ნაწილში ცხოვრობდნენ, შემდეგ მათ მშვილდ-ისრის ხმარებას და ცხენოსნობას ასწავლიდნენ.

ისტორიკოს სტრაბონის მიხედვით სპარსელები არმიაში მსახურს 24 წლის ასაკიდან იწყებდნენ და 4 წელიწადი მსახურობდნენ. ახალბედა ჯარისკაცები 50-კაციან რაზმებში ერთიანდებოდნენ. ყველა რაზმს დიდებულის ვაჟი მეთაურობდა. ქსენოფონტის მონაცემებით სპარსელები სამხედრო სამსახურში 17 წლის ასაკიდან მიდიოდნენ და 10 წელი მსახურობდნენ.

სპარსეთის არმია ხაზარაბებად (ხაზარა სპარსულად ნიშნავს ათასს) იყოფოდა. ათასეულს ხაზარაპატიში (ათასისთავი) მეთაურობდა. ათასეული ათ ასეულად (საგაბამ) იყოფოდა. ასეულები იყოფოდნენ დატაბამებად (ათეული). ათასეულის მეთაურს დამხმარეები ჰყავდა, რომლებიც დანაყოფის მართვაში ეხმარებოდნენ. ათი ათასეული (ბაივარაბი) 10000-იან შენაერთად ერთიანდებოდა. როდესაც მეომარი სპარსეთის ცხენოსან ჯარში ირიცხებოდა, ის სახელმწიფოსაგან ღებულობდა ცხენს.

უკვდავები

სპარსეთის არმიის ყველაზე სახელგანთქმული და მძლავრი შენაერთი უკვდავთა გვარდია იყო. გვარდიამ ეს სახელი იმის გამო მიიღეს, რომ მათი რაოდენობა მუდმივად 10000 გახლდათ (როდესაც ნაწილი დაიხოცებოდა მაშინვე ავსებდნენ, ამიტომ უკვდავების რიცხვი არ იცვლებოდა).

უკვდავები მთელს სპარსეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ და კარგად ფლობდნენ ყველანაირ იარაღს. ისინი ყოველთვის თან ახლდნენ თავიანთ მეფეს და ბრძოლისას მტრისაგან იცავდნენ. მეფე მათ ყოველთვის არ აბრძოლებდა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა. ლაშქრობის დროს უკვდავების რაზმები მეფის გარშემო, წინ და უკან იდგნენ. ათას ცხენოსანს ათასი ქვეითი მისდევდა, შემდეგ ისევ ცხენოსნები იყვნენ, შემდეგ ქვეითები და ა.შ. უკვდავები მხოლოდ ქვეითები იყვნენ, ცხენოსნები კი სხვადასხვა დანაყოფიდან მეფის დაცვისთვის გამოყოფილი საუკეთესო საკავალერიო ნაწილები.

უკვდავთა შუბების მიწაზე დასაბჯენ ბოლოს ვერცხლის ან ოქროს სფერო წარმოადგენდა. პირადად მეფის ეტლს ათასი შუბოსანი უკვდავი იცავდა, რომლებიც უკვდავთა შორის ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები იყვნენ. მათ ოქროთი მორთული იარაღი და აღჭურვილობა ჰქონდათ. მეფის ეტლის მცველი უკვდავების შუბების მიწაზე დასაბჯენ ბოლოზე დამაგრებული იყო ოქროსგან დამზადებული ვაშლის ფორმის ბირთვი, რის გამოც ამ ჯარისკაცებს „ვაშლოსნებს“ ეძახდნენ. სწორედ ამ ოქროს „ვაშლით“ გამოირჩეოდნენ ისინი სხვა უკვდავებისაგან. ეს სამხედრო შენაერთი მხოლოდ და მხოლოდ სპარსელი დედებულების ვაჟებისაგან შედგებოდა, დანარჩენი უკვდავები კი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არ გახლდნენ. ვაშლოსნების ათასეული ორ ნაწილად იყოფოდა: ერთი ნაწილი მეფის წინ იდგა, მეორე უკან. ქვეითი უკვდავების გარდაარსებობდა კიდევ ერთი ელიტალური შენაერთი, რომელიც 10000 შესანიშნავად აღჭურვილი და გაწვრთნილი მხედრისგან შედგებოდა. ცხენოსნები მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, რადგან სპარსელი დიდებულისთვის ფეხით სიარული და ბრძოლა სირცხვილად ითვლებოდა.

წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები