ბაყულ ებელი
ბაყულ ებელ-ი / მანი / ბარლა ნეშ-ი (ხუნძ. Бакъул эбел) – მზის დედა ხუნძურ მითოლოგიაში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დაღესტნელები დღის (მზის ჩასვლის), თვისა (ახალმთვარობა, სავსემთვარობა) და წელიწადის (ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობა) საკვანძო წერტილებს დედასთან ან მამასთან მზის ყოფნასთან აკავშირებდნენ.
ყუმიკების წარმოდგენით, ყოველი თვის ბოლოს მზე ორი დღე დედის საშოში ყოფნით ახლდება. კარატაელები თვლიდნენ, რომ დღეღამსწორებისა და მზებუდობისას მზე დედას სამი დღე სტუმრობს; დარგუული შეხედულებით, ამ დროს ზაფხულის მზებუდობაზე „მზე დედასთან მიდის“ (БархIи абашшу абян саби) და შეიძლება, იქ დარჩეს. ეს რომ არ მომხდარიყო, ბოლო ხანებამდე აღნიშნავდნენ მზის დედასთან მისვლის დღეობას და მნათობისთვის საყვარელ კერძს შაბშის (მარცვლეულის ნახარშს) ამზადებდნენ, რომელსაც ბავშვებს ურიგებდნენ.
ლიტერატურა
- Юсупов Х. А., Муталимов М. А. Харбукцы: история и культура. Махачкала, 1997;
- Халидова М. Р. Формы космогонических представлений и верований в повествовательном фольклоре народов Дагестана // Проблемы мифологии и верований народов Дагестана. Махачкала, 1988;
- Сефербеков Р. И. Пантеон языческих божеств народов Дагестана (типология, характеристика, персонификации). Махачкала, 2009.