გუნია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:48, 7 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნია – ჩვილ ბავშვთა მფარველი სული მეგრული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მეგრელთა რწმენით, მდედრობითი სქესის პატარა ტანის გუნია მუდამ ახალშობილის გვერდით იმყოფება და მის ზრდა-განვითარებაზე ზრუნავს; ღამით მის ძილს დარაჯობს და ავსულთაგან იცავს. საამისოდ, გუნია მსხვერპლასაც ითხოვს; მისი განაწყენება ყოვლად დაუშვებელია, რადგან გუნიას მფარველობის გარეშე დარჩენილ ჩვილს დიდი დღე არ უწერია. ამიტომ მის სახელზე ჩვილის დაბადებისთანავე ლოცულობდნენ ღვინით, რძითა და კვერცხით; თუ ვაჟი დაიბადებოდა, შესაწირს დაემატებოდა ღვეზელი და მამალი, თუ ქალი – კვერი და დედალი.

საწესო ტაბლასთან მდგარი ოჯახის უფროსი დიასახლისი დაილოცებოდა: „დიდებულო გუნია, დაილოცოს შენი სახელი, ყოველი მოზარდის მფარველო, ეს ახალშობილი ყოველი ალიან-ჩალიანისაგან შენ დაიფარე, შენი სიტკბო არასოდეს მოაკლო და მისი კარგი, უნაკლო ზრდით მისი დედა და მამა შენ გაახარე. დაილოცოს შენი სახელი“. როგორც ჩანს, გუნია ამბივალენტური ბუნების არსებაა, რადგან მისით ბავშვებს აშინებდნენ კიდეც: როდესაც ახალშობილი ტიროდა და მშობლებს შეაწუხებდა, დედა იტყოდა: „რა გაკივლებს, გუნიას გაეხეთქოს შენი თავი“.


ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 7, გვ. 3 (ინახება ავტორთან);
  • ა. ჭანტურია. ეთნოგრაფიული ჩანაწერები. მეგრული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებანი // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, ტ. 227. თბ., 1982, გვ. 223.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები