დეპრესია
დეპრესია - (depression), ჩვეულებრივი გაგებით – მოწყენილობის, დათრგუნულობის ან დარდის მდგომარეობა. მედიცინაში ტერმინი გამოიყენება ისეთი ფსიქიკური მდგომარეობის აღსანიშნავად, რომელსაც თან სდევს თანმხლები სიმპტომები (კერძოდ, შფოთვა, აჟიტაცია, უსარგებლობის განცდა, სუიციდური აზრები, მადის დაქვეითება, ფსიქომოტორული შეკავება), აგრეთვე რიგი სომატური სიმპტომები, ფსიქოლოგიური დისფუნქცია (მაგ, უძილობა) და განსხვავებული ჩივილები სიმპტომის ან სინდრომის რანგში დეპრესია მრავალ ნოზოლოგიურ კატეგორიაში წარმოადგენს ძირითად ან მნიშვნელოვან ნიშანს.
ტერმინი ფართოდ, მაგრამ არცთუ ზუსტად, გამოიყენება სიმპტომის, სინდრომის ან ავადმყოფური მდგომარეობის განსაზღვრისათვის. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)
დეპრესიული გუნებ-განწყობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა ცვლილებებთანაც, განსაკუთრებით თვითშეფასების დაქვეითებასთან, პესიმისტურ ან ნეგატიურ აზრებთან და სიამოვნების განცდის შესუსტებასთან ან დაკარგვასთან (ანჰედონია). დეპრესიულ პიროვნებას აქვს დამახასიათებელი გამომეტყველება და გარეგნული იერი: ქვემოთ დაწეული პირის კუთხეები, შეკრული წარბები და მოხრილი, დათრგუნული შესახედაობა. ზოგიერთ დეპრესიულ პაციენტს აგზნების დონე დაქვეითებული აქვს (ფსიქომოტორული რეტარდაცია), მაგრამ ზოგიერთს პირიქით - მოუსვენრობა და აჟიტაცია აღენიშნება.
კლინიკური გამოხატულება
დეპრესია შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს. ის აფექტური აშლილობების განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს და ჩვეულებრივ თავს იჩენს შიზოფრენიის, შფოთვის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების, კვებითი აშლილობის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობის დროს. დეპრესია შეიძლება ორგანული დარღვევების შემთხვევაშიც გამოვლინდეს.