ადულტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 18 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადულტერი - ცოლ-ქმრული ღალატი.

ძველ საბერძნეთში

ძველ საბერძნეთში ცოლ-ქმრულ ღალატს მხოლოდ კერძო ხასიათი არ ჰქონდა, იგი იმავდროულად ქალაქისა და საზოგადოების შეურაცხყოფაც იყო. ამგვარ მძიმე დანაშაულად მისი გააზრების უპირველესი მიზეზი ის გახლდათ, რომ იგი საეჭვოს ხდიდა მემკვიდრის კანონიერ სტატუსს, რაც საფრთხეს უქმნიდა ინდივიდუალურ ოიკოსს. საეჭვო შემთხვევებში სწორედ ქალს უნდა დაემტკიცებინა, რომ ბავშვის მამა მისი ქმარი იყო. თუ ეს არ დამტკიცდებოდა, მაშინ გამოდიოდა, რომ ოჯახს ხელში არაწევრი - უცხო შეაჩეჩეს. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ ამაში ჩათრეული იქნებოდა მთელი სანათესაო წრე და მათი საკულტო კავშირები.

სახელმწიფომ განსაზღვრა მოქალაქე ქალების სექსუალური ცხოვრების ნირი. ათენურ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად გამეფებული იყო ორმაგი მორალი, რაც ქალისა და კაცისათვის სრულიად განსხვავებული სექსუალური ცხოვრების ნირს გულისხმობდა. ქალს მხოლოდ ერთი კაცის ყოლის უფლება ჰქონდა - ქმრისა, ათენელ კაცს კი თავისუფლად შეეძლო ქორწინების გარეთ სხვადასხვა ქალთან დაემყარებინა ურთიერთობა. მას მხოლოდ იმ ქალებთან ეკრძალებოდა სასიყვარულო ურთიერთობა, რომლებიც სხვა მამაკაცის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთი იყო კულტურული იდეალი.

ღალატი მკაცრად ისჯებოდა. კანონი სჯიდა როგორც მამაკაცს, ასევე ქალს. კირიოსს (ქალის მეურვეს) უფლება ჰქონდა ქალის მაცდუნებელი ადგილზევე მოეკლა. მას ასევე შეეძლო დამნაშავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. კანონი ნებას რთავდა კირიოსს დამნაშავე ციხეში ჩაესვა და მისგან ზარალისთვის ფინანსური კომპენსაცია მიეღო. რასაკვირველია, მაცდუნებლის ადგილზე მოკვლა ფრიად სარისკო საქმე გახლდათ, რამეთუ მოკლულის მხარეს შეეძლო მკვლელის მიმართ საქმე აღეძრა. კლასიკური პერიოდის ათენში მაცდუნებელს იშვიათად თუ კლავდნენ დანაშაულის ადგილზე. ამის ნაცვლად მეურვეები საქმეს სასამართლოში - დიკასტერიონში აღძრავდნენ და დამნაშავისაგან ფინანსურ კომპენსაციას იღებდნენ.

მოღალატე ქალის სიკვდილით დასჯას კანონი არ მოითხოვდა. მაგრამ იმას კი მოითხოვდა, რომ ქმარი მას გაყროდა. ამგვარ ქალს ეკრძალებოდა, მონაწილეობა მიეღო რელიგიურ მსახურებაში. თუ იგი ამის გაკეთებას მაინც შეეცდებოდა, ნებისმიერ მამაკაცს უფლება ჰქონდა მისთვის ტანსაცმელი სახალხოდ შემოეხია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. თუ მეურვე გაუთხოვარ ქალს სექსუალური აქტის დროს წაასწრებდა, სოლონის კანონი ნებას რთავდა მას ქალი მონად გაეყიდა. მაგრამ ორატორების ეპოქის ათენში ეს კანონი უკვე აღარ მოქმედებდა. ქალს იმით სჯიდნენ, რომ სახლში გამოკეტავდნენ და არ გაათხოვებდნენ.

ძველ რომში

ადათობრივი სამართლის მიხედვით, ქმარს, რომელიც დანაშაულის ადგილას (in flagranti) წაასწრებდა ცოლს, უფლება ჰქონდა მოეკლა ის ან დაესაჯა მაშინვე ან მოგვიანებით, ოჯახური თათბირის შემდეგ (iudicium domesticum). მრუში ქალის მამას, თუ ქალიშვილს საკუთარ ან სიძის სახლში წაასწრებდა დანაშაულის ადგილას, შეეძლო ორივე მოეკლა. ქმარი მაშინვე უნდა გაჰყროდა ცოლს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დანაშაულის თანამონაწილე ხდებოდა და ისჯებოდა მკაცრად, საჯაროდ ბრალდებული იმავე კანონებით, რომლითაც იდევნებოდა მაჭანკლობა (lenocinium, crimen lenocinii). ავგუსტუსმა რესპუბლიკის ხანის ბოლოს საზოგადოებაში გავრცელებული უზნეობის წინააღმდეგ გამოსცა Lex Iuliade adulteriis, რომლის მიხედვითაც მკაცრად ისჯებოდა არა მარტო ადულტერი, არამედ სტუპრუმი (stuprum - სახელის გატეხვა - თუ კაცი სექსუალურ ურთიერთობას დაამყარებდა მეტად ან ნაკლებად წარჩინებული გვარის გასათხოვარ ქალთან, მაშინ სტუპრატორისთვის და ქალისათვის (იმ შემთხვევაში, თუ კაცს ძალისათვის არ მიუმართავს) ქონებრივი სასჯელი გამოჰქონდათ) და მაჭანკლობა (Lena - მაჭანკალი, საროსკიპოს პატრონი, რომელიც პროსტიტუციისაგან მიღებულ შემოსავალზე ცხოვრობდა). სავარაუდოდ, ეს კანონი Lex Iulia 26, 45-ის ერთ-ერთ თავს წარმოადგენდა. ამავე კანონში შეზღუდული იყო ძველი კანონებით განსაზღვრული სასჯელი. პარალელურად დაინერგა ქონებრივი ჯარიმა და მოკვეთა საზოგადოებიდან.



წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები