ანდერძი
ანდერძი(testamentum) ვისამე წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც ჩვეულებრივ ქონებას ეხება და უნდა შესრულდეს მფლობელის სიკვდილის შემდეგ.
საბერძნეთი ტრადიციის მიხედვით, ანდერძი ატიკურ კანონმდებლობაში სოლონმა შემოიტანა. იგი ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, როცა ანდერძის დამწერ პირს ვაჟიშვილები არ ჰყავდა. მემკვიდრეობის გაუქმება მხოლოდ მამის სიცოცხლეში, სერიოზული განაცხადის საფუძველზე იყო შესაძლებელი. სოლონის პერიოდამდე ადოფციებს იმ მიზნით მიმართავდნენ, რომელიც შემდგომ ანდერძით გახდა შესაძლებელი. შემდგომშიც შვილად აყვანას ისევ ჰქონდა პრაქტიკაში ადგილი და გარკვეული მასშტაბით მათ ანდერძის მსგავსად მოიაზრებდნენ. ანდერძს, ჩვეულებრივ, წერილობითი სახე ჰქონდა და იგი მოწმეთა თანდასწრებით იყო შედგენილი. კანონიერი შვილები მემკვიდრეობას ყოველგვარი ფორმალობის გარეშე იღებდნენ და მათ უფლება არ ჰქონდათ მემკვიდრეობაზე უარი განეცხადებინათ. სხვა ნათესავებს კი ამისთვის ოფიციალური ავტორიზაცია ესაჭიროებოდათ.
რომი მემკვიდრეობის გადაცემა ხდება ანდერძით (hereditas testamentaria) ან კანონის მიხედვით (hereditas legitima). XII დაფის კანონები იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კვდება ისე, რომ არ აქვს შედგენილი ანდერძი ან მისი ანდერძი გაბათილდა (ab intestate), მემკვიდრეებს აგნატებს შორის ეძებს.
ანდერძში მემკვიდრედ შეიძლება დასახელებული ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე პირი (heredis institutio - ანდერძის ძირითადი ნაწილი, რომელიც ანდერძის თავში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ბრძანების ფორმით ლათინურ ენაზე. მხოლოდ 339 წ-დან დაუშვეს ბერძნულ ენაზე ჩაწერა. ანდერძში ზუსტად უნდა ყოფილიყო ფორმულირებული მოანდერძის სურვილი). ანდერძში დასახელებული ყველა მემკვიდრე ძირითად მემკვიდრედ ითვლებოდა და იღებდა ანდერძის თანახმად შესატყვის წილს. საზომ ერთეულად იღებდნენ ასს, გაყოფილს 12 უნციად (ასის მეთორმეტედი იყო უნცია). ამიტომ ერთადერთ მემკვიდრეს ეწოდებოდა heres ex asse; coheredes ეწოდებოდათ მემკვიდრეებს თავიანთი წილის მიხედვით. მაგ., heres ex trente ანუ ვისაც მემკვიდრეობის მესამედი ერგებოდა, ex deunce - მეთერთმეტედის მემკვიდრეს და ა.შ. ქონების დაყოფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ლეგატუმის დანიშვნით. მემკვიდრეს უნდა ჰქონოდა ვაჭრობის უფლება, შესაბამისად, უცხოელის დასახელება მემკვიდრედ არ შეიძლებოდა. მას შეეძლო მიეღო მხოლოდ ფიდეოკომისუმი. მემკვიდრეობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ ქალებს (lex Voconia ძვ. წ. 169 წ.).
ანდერძში დასახელებულ მემკვიდრეებს აუცილებლად უნდა მიეღოთ მემკვიდრეობა. მოგვიანებით, პრეტორული სამართლის მიხედვით, მათ მიენიჭათ უფლება, უარი ეთქვათ მემკვიდრეობაზე (abstinendi beneficium), სხვა მემკვიდრეებს უნდა განეცხადებინათ თანხმობა მემკვიდრეობის მიღებაზე ან განცხადების ფორმით (cretio), ან მდუმარედ (pro herede gestio-ს საშუალებით - მაგ., დაეფარათ მოანდერძის ვალი). მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მემკვიდრე მემკვიდრეობასთან ერთად იღებდა მის ვალებს და sacra (ოჯახისა და გვარის რელიგიური ვალდებულებები და რიტუალები sacra familiaria, sacra gentilicia, რომლებიც მიწისქვეშეთის (manes) და კერიის (genius, lares, penates) ღვთაებათა კულტს უკავშირდებოდა. Sacra familiaria მჭიდროდ იყო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული და გარკვეულ ტვირთს წარმოადგენდა მემკვიდრისათვის. ამიტომ მემკვიდრეები ცდილობდნენ თავი დაეხსნათ მისგან სხვადასხვა ხერხით. მაგ., თავისუფლებას ანიჭებდნენ მემკვიდრეობით მიღებულ მონას (მონები) იმის ფასად, რომ მას უნდა შეესრულებინა sacra familia მემკვიდრის ნაცვლად (manumissio sacrorum causa). იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის მიღება არ იყო სასურველი, მას შეეძლო უარი ეთქვა მასზე. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას ეწოდებოდა exheredatio. პირს, რომელსაც არ უნდოდა უახლოესი ნათესავებისათვის მემკვიდრეობის გადაცემა, შეეძლო მათთვის გვერდი აევლო ანდერძში (praeterire - ანდერძში არ მოხსენიება). ციცერონის დროიდან დამკვიდრდა წესი, ანდერძში იმ მიზეზების დასახელებისა, რის გამოც მამა უარს ეუბნებოდა თავის შვილებს მემკვიდრეობაზე. სხვა ნათესავების მიმართ მიზეზების განსაზღვრა აუცილებელი არ იყო.
ანდერძის დატოვება შეეძლო მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ვაჭრობის (commercium) და, შესაბამისად, ანდერძის შედგენის უფლება (testamenti factio). მშობლებთან მცხოვრებ ვაჟებს, მონებს, უცხოელებს, არასრულწლოვნებს არ შეეძლოთ ანდერძის დატოვება. ანდერძის მიხედვით, მემკვიდრედ არ შეიძლებოდა უცხოელების, ქალების და დროთა განმავლობაში lex Iulia et Pappaea-ს მიხედვით დაუოჯახებელთა და უშვილოთა დასახელება. ქალებს არ შეეძლოთ ანდერძის შედგენა, მაგრამ მოგვიანებით მიიღეს ეს უფლება (coemptio testamenti faciendi gratia - ანდერძის შედგენის უფლების მინიჭება), ადრიანეს დროიდან კი ისინი უკვე დამოუკიდებლად ან მეურვის საშუალებით ადგენენ ანდერძს.
მონისდასახელება ანდერძში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ანდერძის მიხედვით, ამასთან ერთად მას ენიჭებოდა თავისუფლება.
ანდერძის უძველესი ფორმა იყო testamentum calatum ან calatis comitiis factum, რომელსაც პატრიციები კითხულობდნენ სახალხო კრების წინ. ანდერძის უძველესი ფორმაა და გამოიყენებოდა გამონაკლის შემთხვევაში testamentum in procinctu (ანდერძი იკითხებოდა სარდლის უფლებით მწკრივში ჩამდგარი ჯარისკაცების წინ ბრძოლის დაწყებამდე). ანდერძის ორივე ფორმა სამოქალაქო სამართლის ხასიათს ატარებდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდებოდა, თუ პატრონს კანონიერი მემკვიდრე არ ჰყავდა.
XII დაფის კანონების თანახმად, ანდერძის შედგენის მიზანს ირიბად ემსახურებოდა მანციპაცია, რომლის საშუალებითაც მოანდერძე რწმუნებულ პირს (familiae emptor) გადასცემდა თავის ქონებას იმ მიზნით, რომ იგი მას გაუფრთხილდებოდა და მოანდერძის სიკვდილის შემდეგ, ანდერძის თანახმად, გაანაწილებდა მას მემკვიდრეებს შორის. მანციპაციიდან განვითარდა რომაული ანდერძის ძირითადი ფორმა - testamentum per aes et libram. მანციპაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რწმუნებული პირი იყო მხოლოდ მოწმე (მოწმეთა რაოდენობა იყო განსაზღვრული - 7 პიროვნება), ხოლო მემკვიდრე ხდებოდა ის პირი, რომელიც დასახელებული იყო ანდერძში. მოანდერძის უკანასკნელი ნების გამოცხადებას ეწოდებოდა heredis nuncupatio, რომელსაც ზეპირი ფორმა ჰქონდა, თუმცა კლასიკურ ეპოქაში იგი თითქმის ჩაანაცვლა ანდერძის წერილობითმა ფორმამ, რომელიც საშუალებას აძლევდა მოანდერძეს ანდერძის შინაარსი საიდუმლოდ შეენახა (testamentum per scripturam factum). ანდერძის გაცნობის შემდეგ მოწმეები თავის ბეჭედს ასვამდნენ დოკუმენტს (testamentum septem signis signatum) და აწერდნენ ხელს (adscriptio). იმისათვის, რომ ანდერძს (ზეპირი, წერილობითი) იურიდიული ძალა მინიჭებოდა, საჭირო იყო მთელი რიტუალის ზედმიწევნით ჩატარება.
ანდერძისათვის იყენებდნენ ხის დაფებს, შემდეგ მათ ახვევდნენ და შესანახად მიჰქონდათ ან მოანდერძის მეგობართან, ან აბარებდნენ ტაძარში (ძირითადად ვესტას ქურუმებთან), მოგვიანებით ქალაქის არქივში.
პრეტორულ სამართალს, პრინციპში, ანდერძის ახალი ფორმა არ შემოუღია, უბრალოდ, აუცილებელი აღარ იყო მანციპაცია და მემკვიდრეობა პირდაპირ გადაეცემოდა ანდერძში დასახელებულ მემკვიდრეს იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი 7 მოწმის მიერ იყო დაბეჭდილი. სპეციფიკური ანდერძების შედგენისას testamentum muti (მუნჯი), testamentum caeci (ბრმა), testamentum surdi (ყრუ) აუცილებელია ნოტარიუსის (tabularius) ან 8 მოწმის არსებობა.
ეპიდემიის დროს არ იყო აუცილებელი ყველა მოწმის გამოცხადება (testamentum pestis tempore conditum) და ა.შ. სრულიად განსაკუთრებული ხასიათი აქვს testamentum militis (ჯარისკაცის ანდერძი), რომელიც კონკრეტული სოციალური ფენისათვის დაშვებულ პრივილეგიად უნდა აღვიქვათ. ამ ტიპის ანდერძი ძალაში რჩებოდა ჯარიდან საპატიო დათხოვნიდან 1 წლის განმავლობაში.
იუსტინიანუსის მიერ testamentum militis დაშვებული იყო მხოლოდ საომარ ვითარებაში. თუ ლიბერტუსი ანდერძის გარეშე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, მის პირდაპირ მემკვიდრეებს (heres sui) გადაეცემოდა ქონება. მათი არარსებობის შემთხვევაში კი მის პატრონს. თუ ისიც არ იყო, მაშინ პატრონის შვილებს, მათი არარსებობის შემთხვევაში პატრონის ნათესავებს (gentiles). ანდერძში მოანდერძეს შეეძლო გვერდი აევლო თავისი უახლოესი ნათესავებისათვის.
ციცერონის დროიდან აუცილებელი გახდა ანდერძში იმ შვილების სახელდებით მოხსენიება, რომელთაც მოანდერძე მემკვიდრეობის გარეშე ტოვებდა და იმ მიზეზების დასახელება, რის გამოც ართმევდა მათ ამ უფლებას. სხვა ნათესავებთან მიმართებაში ასეთი მოთხოვნა არ არსებობდა. იმისთვის, რომ ანდერძი სრულყოფილად ჩათვლილიყო, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მოანდერძის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნა. სულით ავადმყოფის, მფლანგველის, ზოგიერთ დანაშაულში ნასამართლები პირების ანდერძი ბათილდებოდა. რომის სამართალი ითვალისწინებდა ისეთ ვითარებასაც, როდესაც მოანდერძემ მართალია დაუტოვა მემკვიდრეობა კანონიერ მემკვიდრეს, მაგრამ ძალზე მცირე მოცულობით, არასრულად. ასეთ შემთხვევაში კანონიერ მემკვიდრეს შეეძლო სარჩელი შეეტანა სასამართლოში სავალდებულო წილის მისაღებად (hereditatis petitio).
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.