იფანი
იფანი - (Fraxinus excelsior L.); ოჯახი: ზეთისხილისებრნი (Oleaceae). საკმაოდ მაღალი ხეა, აქვს ნაცრისფერი ქერქი. ნორჩი ყლორტები მწვანე ფერისაა. ფოთლები 11 ფოთოლაკისაგან შედგება, ფორმით კვერცხისებურია ან მოგრძო-ლანცეტა კიდეებზე ხერხპბილა, ზედა მხარე შიშველი, ქვედა მხარე მცირედ შებუსული. ყვავილედი მტევანია. ყვ. IV-V; ნაყ. VI-VIII. მცენარე გავრცელებულია ტყეებში, ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს ქმნის. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.
იფანი ჩვეულებრივი – Fraxinus exselsior; სამშობლო – ევროპა, ყირიმი, კავკასია. იფანი 40 მეტრამდე სიმაღლის ხეა, ვარჯი მომრგვალებული ან ოვალურია, ქერქი – მუქი რუხი და ნახეთქებიანი. სინათლის მოყვარულია, თუმცა ახალგაზრდა ასაკში გარკვეულად დაჩრდილვასაც იტანს. განსაკუთრებით საჭიროებს ნაყოფიერ ნიადაგს. რეკომენდებულია როგორც ერთეული ასევე ჯგუფური დარგვისათვის. ყინვეგამძლეა, მაგრამ შეიძლება ვერ გაუძლოს გვიანი გაზაფხულის ყინვებს.