ასკილი
ასკილი – (Rosa canina L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 1-3 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ბუჩქია; ტოტები, ჩვეულებრივ, რკალისებურადაა მოხრილი; ეკლები გვერდებზე შებრტყელებულია, რკალის ან კაუჭის მსგავსად მოხრილი. ფოთლები, ჩვეულებრივ, 7-ფოთოლაკიანია, ელიფსურია ან კვერცხისებური, კიდეზე მარტივ ან ორმაგ-ხერხვბილა. ყვავილები მარტოულია ან მრავალნაყოფიან ყვავილედებში შეკრებილი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი ან კაშკაშა ვარდისფერია, იშვიათად – გაშლილი, თითქმის თეთრია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ღია ფერდობებზე, ნაკაფებში, ტყის პირას და მინდვრებში. გზისპირებზე. დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
ასკილი – (Rosa pimpinellifolia Bunge = Rosa xanthina Lindl.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 1.5-2 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ბუჩქია. ტოტები სწორად მდგომია. ეკლები ორგვარია – დიდი ზომის და ნემსისებური; ფოთლები, ჩვეულებრივ, 7-11-ფოთოლაკიანია, ელიფსური, ხერხკბილა. ყვავილები მარტოულია ან ფარის ფორმის ყვავილედებში შეკრებილი; გვირგვინის ფურცლები თეთრია ან ძალიან ღია ყვითელი. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე, ქვიან ფერდობებზე, ტყისპირებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ჩალაუბნისა და გარეჯის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.