აფხაზეთსა და სოჭის ოლქში სამხედრო მოქმედებები (1918 -1919)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთსა და სოჭის ოლქში სამხედრო მოქმედებები 1918-1919 წლებში - 1918-1919 წწ-ში აფხაზეთის ტერიტორიასა და სოჭის ოლქში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები ქართულ სამხედრო შენაერთებსა და რუს-აფხაზ ბოლშევიკებს შორის და ქართველებსა და გენერალ დენიკინის ძალებს შორის.

1918 წლის მარტში სოჭის ოლქიდან აფხაზეთში შეიჭრა სოჭის წითელი გვარდია, 8 აპრილს ისინი სოხუმში შევიდნენ და ხელისუფლება გადასცეს სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტს აფხაზი ბოლშევიკის ეფრემ ეშბას ხელმძღვანელობით. ქართული კორპუსის ნაწილებმა ალექსანდრე კონიაშვილის მეთაურობით და გვარდიამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით 1918 წლის მაისში, გაგრის გამოკლებით, ბოლშევიკური ჯარებისაგან გაწმინდეს აფხაზეთი.

1918 წლის ივნისში ქართული ძალების მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყეს ბოლშევიკურმა ძალებმა იაკობ ანტონოვის მეთაურობით, დიდი ბრძოლები გაიმართა ახალ ათონთან, მაგრამ აფხაზეთის სამხედრო გუბერნატორად დანიშნულმა გენერალმა მაზნიაშვილმა მოწინააღმდეგე დაამარცხა, 23 ივნისს მდინარე ბზიფს მიაღწია, ივნისის ბოლოს ბოლშევიკებმა სოჭის ოლქში დაიხიეს. 24 ივნისს სოჭის ოლქის ადმინისტრაციამ საქართველოს სთხოვა დახმარება, რათა ოლქი გაწმენდილიყო ბოლშევიკებისაგან და სოჭი დროებით ქართველებს დაეკავებინათ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქების ბოლშევიკებისაგან გაწმენდას ითხოვდა აფხაზეთის სახალხო საბჭოც. 29 ივნისს ქართულმა ჯარმა დაიკავა ადლერი, მოწინააღმდეგემ დაკარგა ორასი მებრძოლი, ხოლო 100 ჯარისკაცი კი ტყვედ ჩაუვარდა ქართველებს. 5 ივლისს ქართულმა ჯარმა აიღო ხოსტა და ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგის 200 ჯარისკაცი, მეორე დღეს კი ქართველები სოჭში შევიდნენ. ქართულმა ჯარმა 26 ივლისს აიღო ტუაფსე და მთელ ოლქზე კონტროლი დაამყარა, ბოლშევიკური ჯარის ნარჩენებმა, 1200-მა კაცმა, არმავირისაკენ დაიხია, ტუაფსეს ოლქში გადამწყვეტი ბრძოლა ანტონოვის 4000 -კაციან დაჯგუფებასთან გაიმართა. 4 აგვისტოს, ბელორეჩინსკაიასთან, გენერალმა მაზნიაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1500 მებრძოლამდე ჰყავდა, მოწინააღმდეგე დაამარცხა.

აგვისტოს მეორე ნახევარში დენიკინ-ალექსეევის მოხალისეთა არმიამ ყუბანისპირეთში შეავიწროვა ტამანის ბოლშევიკური არმია, რომელსაც ივან მატვეევი მეთაურობდა. ეს ბოლშევიკური არმია უკან იხევდა არმავირისაკენ, რათა შეერთებოდა ივან სოროკინის წითელ არმიას, გზა არმავირისაკენ გადიოდა ტუაფსეზე, რომელიც ქართველებს ეკავათ. ბოლშევიკების 10000 -12000 დაჯგუფებასა და მაზნიაშვილის 1000-1500-კაციან რაზმს შორის 27-31 აგვისტოს რამდენიმე ბრძოლა გაიმართა, მოწინააღმდეგემ ქართული ჯარი დაამარცხა, ხელში ჩაიგდო 16 ქვემეხი და 10 ტყვიამფრქვევი. ქართველებმა ტუაფსე დატოვეს, მოწინააღმდეგემ ტუაფსე გაიარა, შემდეგ ჩრდილოეთისაკენ დაიძრა და გოიტხეს უღელტეხილის გავლით მაიკოპისაკენ წავიდა. ბოლშევიკების ტუაფსედან გასვლის შემდეგ ქალაქი მოხალისეთა არმიამ დაიკავა.

1918წლის 25-26 დეკემბერს ეკატერინოდარში გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოსა და მოხალისეთა არმიას შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. რუსები მოითხოვდნენ ქართველების მიერ სოჭის ოლქის დაცლას გაგრის ჩათვლით, ასევე, ეჭვქვეშ აყენებდნენ ქართველების უფლებას სოხუმის ოლქზე და ითხოვდნენ რუსეთის ყოფილი კავკასიური არმიის იარაღის გადაცემას.

1918 წლის დეკემბერში, როდესაც სომხეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ქართულმა სარდლობამ სოჭის ოლქიდან ჯარის ნაწილი გამოიყვანა, ამით ისარგებლეს მოხალისეებმა და გენერალ ჩერეპოვის მეთაურობით სოჭის ოლქის ნაწილი დაიკავეს მდინარე ლოომდე და ამავე დასახელების დასახლებასთან გაჩერდნენ.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კავკასიის რეგიონში შემოვიდნენ ბრიტანელები, ისინი ასევე იარაღით და მატერიალური რესურსებით დახმარებას უწევდნენ მოხალისეთა არმიას რუსეთის სამოქალაქო ომში, თუმცა სოჭის ოლქის გადაჭრის საკითხში ისინი გარკვეულ ნეიტრალიტეტს იცავდნენ და მოუწოდებნენ დენიკინსა და ქართველებს, პრობლემა იარაღის გამოყენების გარეშე გადაეჭრათ. ამის მიუხედავად, გენერალმა დენიკინმა ბრძანება გასცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ, 1919 წლის 6 თებერვალს გენერალ ალექსანდრე ჩერეპოვის 3000-კაციანმა დაჯგუფებამ აიღო სოჭი და იქ მყოფი რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი, გენერალ ალექსანდრე კონიაშვილის ჩათვლით, ტყვედ აიყვანა.

8 თებერვალს რუსებმა აიღეს ადლერი, 10 თებერვალს ქართველთა კონტრშეტევა ჩაიშალა და მოწინააღმდეგემ აიღო გაგრა და გავიდა მდინარე ბზიფამდე. ბრიტანელები დეიკინის ამ ნაბიჯს კეთილგანწყობით არ შეხვედრიან, თუმცა სიტუაციის ცვლილებასაც ვერ ახერხებდნენ, დენიკინის მოთხოვნები კი უკვე სოხუმის ოლქსაც სწვდებოდა.

ქართულმა მხარემ გადაწყვიტა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება, აპრილის პირველ ნახევარში მდინარე ბზიფზე ქართველებმა 6000 ჯარისკაცს მოუყარეს თავი. 1919 წლის 17 აპრილს, დილის 4 საათზე, გენერალ იოსებ გედევანიშვილისა და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, ქართულმა ჯარმა მდინარე ბზიფი გადალახა და თეთრებს შეუტია. მცირე ბრძოლების შემდეგ ქართულმა ჯარმა გაგრა აიღო და 500 თეთრგვარდიელი ტყვედ აიყვანა, ქართველთა წინსვლა, ბრიტანელების მოთხოვნით, მდინარე მზიმთაზე შეჩერდა 18 აპრილს. ქართულმა ჯარმა მცირედით უკან დაიხია მდინარე მეხადირზე. ამის შემდეგ დენიკინსა და ქართველებს შორის ბრიტანელთა შუამდგომლობით მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა, თუმცა სტატუს კვო აღარ შეცვლილა, რადგანაც თეთრებს 1919 წლის მეორე ნახევარსა და 1920 წლის დასაწყისში საქართველოსთვის აღარ ეცალათ. 1920 წლის პირველ ნახევარში ტუაფსესა და სოჭის ოლქი საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა და, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, შავი ზღვის სანაპიროზე საზღვარი მდინარე ფსოუზე იქნა გავლებული.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

ე. ანდერსენი, აფხაზეთი და სოჭი, კონფლიქტის ფესვები, თარგმნა მერი ბიწაძემ, თბ., 2016.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები