პაჭკორია კირილე
პაჭკორია კირილე (1888 - 28.II.1957) - ლოტბარი. ხალხური სიმღერის შემსრულებელი. გუნდების ხელმძღვანელი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიაში. დაწყებითი განათლება ფოთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. 1903-1907 წლებში ავქსენტი მეგრელიძის გუნდში მღეროდა. 1908 ფოთი დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გუდაუთაში გადავიდა. იმავე წელს, როგორც დამოუკიდებელი ლოტბარი, პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის თავმჯდომარის - მაშო დადიანი-ანჩაბაძის წინადადებით, მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. ხშირად ჩადიოდა სოხუმში და მონაწილეობდა ძუკუ ლოლუას გუნდის გამოსვლებში.
1918 ოჩამჩირეში ხალხური სიმღერის გუნდი შექმნა და მას დამოუკიდებელ საქართველოში ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით აღნიშნული გუნდის თავკაცობა პლატონ ფანცულაიას გადააბარა.
1921 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1925 ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდს ჩაუდგა სათავეში. 1927 გუნდი მოსკოვში გამოვიდა. 1929 თბილისში გამართულ II რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე I პრემია მოიპოვა და საკონცერტო ტურნე გამართა მაშინდელი სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში. 1934 გუნდმა ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე უმაღლესი ჯილდო მიიღო. 1935 წარმატებით გამოვიდა მოსკოვში. 1938-1939 წლებში რუსეთის ოლქებში კონცერტების სერია ჩაატარა. იმავე წლის ბოლოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდა. 1946 მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1950 წლის 9 მაისს დაბადებიდან 70 და მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი იუბილე აღუნიშნეს. გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
- ზურაბ ლეჟავა
ლიტერატურა
მ. კვიჟინაძე, უ. პატარიძე, კირილე პაჭკორია, ქართული ხალხური სიმღერის ისტატები, სამეგრელო, II, თბ., 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი