ალექსი-მესხიშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი-მესხიშვილი შალვა

ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე (26.IV.1884 - 18.VI.1960) - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ლადო მესხიშვილის ვაჟი.

1902-1904 წლებში ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 თბილისში ადვოკატობა დაიწყო. მან თავი გამოიჩინა ე.წ. აჭარელთასაქმის დროს (I მსოფლიო ომის წლებში აჭარლებმა ვითომ აჯანყება მოაწყვეს და თურქებს მიემხრნენ. ამით ისარგებლეს რუსებმა და აჭარლები დაარბიეს. ამ საქმეში ბრალდებულებს შალვა ალექსი-მესხიშვილი იცავდა).

1917-1918 წწ-ში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1917-1918 წწ-ში იყო ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი). ის ერთ-ერთია იმ 88პოლიტიკოსს შორის, ვინც 1918 წ-ის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს მოაწერა ხელი. შ. მესხიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1919-1921 წწ-ში საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი იყო. დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ სხდომაზე შ. მესხიშვილი სოციალისტ-რევოლუციონერ ი. გობეჩიას დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეობის შესახებ პროექტის განხილვის დროს და განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უაღრესად დემოკრატიული იყო

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ შ. მესხიშვილი ემიგრაციაში არ წასულა და საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ ორგზის იქნა დაპატიმრებული.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია,ტ.V, თბ., 2004;
  • გაზ. „ერთობა“, 1919, №105.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

შალვა ალექსი-მესხიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები