სახელოვნო ცენტრი
სახელოვნო ცენტრი - 1919 დაარსდა ორგანიზაცია „სახელოვნო ცენტრი“. მისი დაარსების ინიციატორი და განმახორციელებელი იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი კოტე მაყაშვილი. „მრავალ მიზეზთა გამო, - წერდა გაზეთი „სახალხო საქმე“, - ჩვენს ხელოვნებას ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი ძალ-ღონით მართოს თავისი სვე. მას სჭირია განსაკუთრებული შეკავშირება, ძალების შეთანხმება და სახელმწიფოებრივ ორგანოთა სათანადო დახმარება - მთავრობის თანაგრძნობა და მფარველობა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჩვენი ხელოვნების მტკიცე ნიადაგზე დამყარება და განვითარება. ამ მიზნით უკვე შედგა „ხელოვანთა ცენტრი“ ... შეიმუშავა სათანადო წესდება და ახლო მომავალში გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს“.
„სახელოვნო ცენტრში“ შევიდა როგორც მწერალთა კავშირის ორგანიზაციის, ასევე სამუსიკო საზოგადოების, მხატვართა საზოგადოების და მსახიობთა კავშირის 3-3 წარმომადგენელი. ცენტრში შესვლა შეეძლო ყველა ორგანიზაციას, რომელიც ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურებოდა. ცენტრს უფლება ჰქონდა:
- 1. გაეწია შუამდგომლობა მთავრობისა და სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე როგორც ცენტრში შემევალი ორგანიზაციების,
ასევე თავად ცენტრისთვის;
- 2. მოეწვია ხელოვანთა ყრილობები (კონფერენციები) საერთო საკითხების გამოსარკვევად, დროგამოშვებით მოეწყო ხელოვანთა გაერთიანებული გამოსვლა, დაეარსებინა კლუბები, მოეწყო ექსკურსიები და ა. შ.
ცენტრში 12 წარმომადგენელი შედიოდა.
- მწერალთა კავშირიდან: კოტე მაყაშვილი (ცენტრის თავმჯდომარერე), გრიგოლ რობაქიძე (თავმჯდომარის ამხანაგი), აკაკი პაპავა; მხატვართა საზოგადოებიდან: იაკობ ნიკოლაძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი;
- სამუსიკო საზოგადოებიდან: ე. მაჩაბელი (ხაზინადარი), ვლ. აბაშიძე, დ. არაყიშვილი;
- მსახიობთა კავშირიდან: შალვა დადიანი (ცენტრის მდივანი), ფრონისპირელი, ალ. იმედაშვილი.
1919 წლის 10 ივნისს ცენტრის 4 წევრი (კ. მაყაშვილი, დ. არაყიშვილი, შ. დადიანი და ი. ნიკოლაძე) წარუდგნენ მთავრობის თავმჯდომარეს - ნ. ჟორდანიას და ესაუბრნენ ცენტრის მომავალ გეგმებზე. ჟორდანიამ ცენტრის დაარსება მოიწონა და მას დახმარება აღუთქვა მომავალ მუშაობაში.
- დოდო ჭუმბურიძე
ლიტერატურა
გაზ. „სახალხო საქმე“, 1919, №538; გაზ. „სახალხო საქმე“, 1919, #549.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი