ეპილეფსია
ეპილეფსია - ეპილეფსია ესაა რეკურენტული გულყრებისადმი მიდრეკილება. გულყრა წარმოადგენს პაროქსიზმულ ელექტრულ განმუხტვას თავის ტვინში და მის კლინიკურ შედეგს. გულყრის განმეორების ტენდენცია განასხვავებს ეპილეფსიას იზოლირებული გულყრებისგან. გულყრას იწვევს უამრავი მიზეზი, მათ შორის: მედიკამენტები, ჰიპოგლიკემია და ინტერკურენტული დაავადებები. ეპილეფსიის მკურნალობა და მართვა ნევროლოგების საქმეა. თუმცა, ეპილეფსიას გარკვეული ფსიქიატრიული ასპექტებიც ახლავს თან (რაც ფსიქიატრიულ და ნევროლოგიურ პრობლემებს შორის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს):
- ქცევის ეპიზოდური დარღვევები, კერძოდ, „ატიპიური შეტევების“, აგრესიული ქცევისა და ძილის პრობლემები, რაც საჭიროებს დიფერენციალურ დიაგნოზს ეპილეფსიისგან;
- ეპილეფსიის ფსიქიატრიული და სოციალური გართულებების მკურნალობა;
- ფსიქოტროპული პრეპარატებით გამოწვეული გულყრები;
- ანტიკონვულსანტების გვერდითი ეფექტები.
სარჩევი |
გულყრის სახეები
გულყრების თანამედროვე კლასიფიკაცია შემოგვთავაზა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საერთაშორისო ლიგამ 1969 წელს, რაც მოგვიანებით გადაისინჯა (Dreifuss et al., 1981). ეს კლასიფიკაცია გამარტივებული სახით მოცემულია ცხრილში მასში ძირითადად გამიჯნულია ორი სახის გულყრა: (1) გულყრა ფოკალური დასაწყისით, რომელსაც პარციალური გულყრა ეწოდება და (2) გულყრა, რომელიც თავიდანვე გენერალიზებულია. ამიტომ დიაგნოსტიკურად გულყრის დასაწყისის ზუსტი აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აუცილებელია განვასხვავოთ ეპილეფსიის ტიპები და გულყრის სახეები. ტრადიციული ტერმინები petit mal da grand mal ორაზროვანია და უმჯობესია მოვერიდოთ მათ გამოყენებას. უნდა გვახსოვდეს, რომ „აურა“ პრაქტიკულად პარციალური გულყრაა. petit mal და „გათიშვები“ სინამდვილეში რთული პარციალური გულყრებია, რომლებიც, ჭეშმარიტი აბსანსებისგან განსხვავებით, ფოკალურ და არა გენერალიზებულ გულყრებს განეკუთვნება.
გულყრების კლასიფიკაცია
გულყრების კლასიფიკაცია ფოკალურად დაწყებული გულყრები - მარტივი მოტორული ან სენსორული (შეცვლილი ცნობიერების გარეშე);
- რთული პარციალური (შეცვლილი ცნობიერებით);
- პარციალური გულყრა მეორადი გენერალიზაციით
გენერალიზებული გულყრა ფოკალური დასაწყისის გარეშე - ტონურ–კლონური;
- მიოკლონური;
- ატონური;
- აბსანსი;
- არაკლასიფიცირებული.
ეპილეფსიის ეპიდემიოლოგია
ბრიტანეთში დაადგინეს, რომ ეპილეფსიის გავრცელების სიხშირე მოზრდილებში დაახლოებით 6 კაცია 1000 სულ მოსახლეზე. დაავადება უპირატესად ადრეულ ბავშვობაში იწყება. ეპილეფსიის განვითარების შემდეგი პიკები მოდის მოზარდობის ასაკსა და 65 წლის ზემოთ. ეპილეფსიას, ჩვეულებრივ, ხანმოკლე მიმდინარეობა აქვს და ქრონიკული მდგომარეობა პაციენტთა მხოლოდ მეხუთედს აღენიშნება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტები, რომლებიც კლინიკებს რეგულარულად აკითხავენ, ეპილეფსიით დაავადებულთა საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ. მათ შორის არიან პირები, რომლებსაც გამოხატული სამედიცინო და სოციალური პრობლემები აქვთ. ბავშვობაში განვითარებული ეპილეფსია უფრო ხშირად ასოცირებულია კოგნიტურ დაქვეითებასთან.
ეპილეფსიის ეტიოლოგია
დაავადების დაწყების ასაკი ეტიოლოგიური ფაქტორის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მაგ., ახალშობილებში განვითარებული ეპილეფსიის მიზეზებია სამშობიარო ტრავმა, თანდაყოლილი ტვინის მალფორმაციები და მეტაბოლური დარღვევები. ბავშვებში ფებრილური კრუნჩხვები, განსაკუთრებით status epilepticus, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია მოგვიანებით პარციალური გულყრების განვითარებასთან, რასაც ჰიპოკამპის დაზიანება განაპირობებს (ჰიპოკამპური სკლეროზი). არსებობს მზარდი მონაცემები გენეტიკური მუტაციის შედეგად განვითარებული ეპილეფსიის შესახებ. თუმცა, ეს შემთხვევები ეპილეფსიით დაავადებულთა საერთო რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილია (Gutirriez-Delicado and Serratosa, 2004). მოზრდილებში გამოვლენილი მიზეზებია: ცერებროვასკულური დაავადებები, თავის ტვინის სიმსივნეები, ქალა-ტვინის ტრავმა, ნეიროდეგენერაციული დაავადებები. ალკოჰოლისა და ნარკომოხმარების ფაქტები ყოველთვის სათანადოდ უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. კრუნჩხვითი ზღურბლი შეიძლება დაქვეითდეს, თუ გამოვიყენებთ სხვადასხვა პრეპარატს, მაგ., ანტიფსიქოზურ პრეპარატებსა და ანტიდეპრესანტებს. ანტიკონვულსიური მოქმედების წამლების, კერძოდ, დიაზეპამისა და ალკოჰოლის უცბად მოხსნამ, შეიძლება ხელი შეუწყოს გულყრების და, ზოგჯერ, ეპილეფსიური სტატუსის განვითარებას.