ოსპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:45, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსპი - (Lens culinaris Medik). ქართულ ხელნაწერ სამედიცინო წყაროებში ოსპი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება: „ოსპი”; „უსპი“; „ადსი“; „ნარსაქი“, „მურდუშაქი“. სვანეთში, ეს კულტურა „ქირც“, ანუ „ქირს“-ის სახელწოდებითაა ცნობილი (ერისთავი, 1884; მაყაშვილი, 1949; წუწუნავა, 1960).

პირველი წერილობითი ცნობა ოსპის შესახებ „დაბადების“ (V ს.) ქართულ თარგმანშია (ბიბლიის ენციკლოპედია, 1998).

არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება საქართველოში ამ კულტურის უძველესი კერების არსებობა. ოსპის კარბონიზირებული ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევის არქეოლოგიურ ძეგლზე (ძვ.წ. VI-IV სს.) და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ. IV-III სს.); ხრამის დიდ გორაზე (ძვ.წ. VI-IV ათასწლეული); სამოსახლო ბორცვზე „გადაჭრილ გორაზე“ (ძვ.წ VI-IV ათასწლეული) (ჯალაბაძე, ესაკია და სხვ., 2010; Bოკერია ეტ ალ., 2009; ბოკერია, 2010; ლომიტაშვილი და სხვ., 2011; მაისაია, 2013).

მ. სვანიძის გამოკვლევებით, XVI ს.-ში ოსპი ფართოდ იყო გავრცელებული მესხეთში და ყველაზე დიდი რაოდენობით მოჰყავდთ სოფ. უდეში (სვანიძე, 1984).

XVIII ს.-ში საქართველოში ოსპის არსებობა აღნიშნული აქვს იმ პერიოდის მოღვაწეებს: ვახუშტი ბატონიშვილს, აგრეთვე, ი. გიულდენშტედტს თავის მოგზაურობის ჩანაწერებში (ბატონიშვილი, 1904; გიულდენშტედტი, 1962).

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მიერ შედგენილ „უსტარში“ აღნიშნულია, რომ ოსპი ითესებოდა გურიაში – ლანჩხუთში, აგრეთვე სამეგრელოში – ქვემო ოდიშში (მეუნარგია, 1939).

სტატისტიკური მონაცემებით, 1917 წელს ოსპის ნათესი ფართობი საქართველოში იყო 73 ჰა, ხოლო 1923 წელს – 74 ჰა. კულტურის ნათესი თავმოყრილი იყო დუშეთის, გორის, ახალციხისა და თიანეთის მაზრებში. დასავლეთ საქართველოში ოსპის გავრცელების არეალი სვანეთითა და რაჭით შემოიფარგლება. დასავლეთ საქართველოში (რაჭაში) ძირითადად მოჰყავდათ ოსპის წვრილმარცვლიანი ჯიში; ხოლო აღმოსავლეთში, კერძოდ თიანეთის თემში, ოსპის მსხვილმარცვლიანი ჯიში (Декапрелевич, 1926; Декапрелевич, Менабде 1929; მიქავა, 2004).

გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემებით, ოსპის ნათესები აღწერილია: რაჭაში, ზემო სვანეთში (ლატალი, მესტია), თუშეთში (ომალო) (მაისაია 2013).

„ოსპს წვრილი და მრგვალი მარცვალი აქვს. თუშეთში თესავენ აპრილში. შემოდის მარიამობისთვის 1-ლში. ხარშავენ და აზავებენ ლობიოსავით. მოსავალს ჰგლეჯავენ ხელით, შეკრავენ კონებად, მიიტანენ და დასდგამენ „ჩადლებად“. მას „რიკნით“ (ჯოხით) ჯეკავენ კალოში და მერმე „რიჭით“ ანიავებენ, (ბოჭორიძე, 1993).

მთხრობელთა გადმოცემით, „...ძველად საქართველოში ოსპი მარხვის პერიოდში ძირითადი საკვები იყო. მისგან მზადდებოდა სუფი, ფაფა, ოსპის შეჭამანდი“. სვანეთში ოსპის შეჭამანდს დღესაც აკეთებენ: „...ოსპის მარცვალს გარეცხავენ, მოხარშავენ. არ უნდა ჩაიშალოს. ჩაამატებენ ცოტა კარტოფილს, წვრილად დაჭრილ ქინძს, ოხრახუშს და კამას; სვანურ მარილს გემოვნებით“ (მესტიის რ-ნი, სოფ. ბეჩო, მთხრ. ფ.კვიციანი, 2013 წ.).

განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსპის სამკურნალო თვისებები. ოსპის თესლს იყენებდნენ როგორც კუჭში შემკვრელ, ხოლო მოხარშული ოსპის წვენს – გამხსნელ საშუალებას (წუწუნავა, 1960). ოსპის სამკურნალო და საკვები დანიშნულება განპირობებულია მის მარცვალში ცილების (23,8-35%-მდე), ცხიმების (2,1%-მდე), უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერების (60%-მდე), ცელულოზის (4,9%-მდე), შაქრისა და პექტინების მაღალი შემცველობით. ოსპის მარცვალი შეიცავს აგრეთვე B1 და B2 ვიტამინებს, მწვანე მარცვალი – C ვიტამინს (მიქავა, 2004; ვაჩეიშვილი, 2005).

ოსპი ერთწლოვანი მცენარეა, ითესება ადრე გაზაფხულზე. კარგად ხარობს მაღალმთიან მხარეებში. კარგი წინამორბედია ყველა საგაზაფხულო კულტურისათვის. მის თესვა-მოყვანას სვანეთში ამჟამადაც მისდევენ (მაისაია, 2013).


წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები