ქვაბი საარყე
ქვაბი საარყე - არყის გამოსახდელი ქვაბი, იკერებოდა სპილენძის ფურცლებისაგან. ფურცლები ერთმანეთთან გადაკერებულია კბილანების შესხმის წესით, გვერდები კი მირჩილულია და დამაგრებულია სპილენძის „მანჭვლებით“. ასეთი ქვაბი მუხლგანიერია, პირისკენ მოვიწროებული. აქვს რკინის დიდი ზომის სახელურები - „კოჭყურები“. ქვაბს მჭიდროდ ეხურება სახურავი - ხუფი იგივე „ზარფუში“ არყის გამოსახდელი ინვენტარი სპილენძისაა. შედგება:
1. ქვაბის,
2. ზარფუშის, იმავე სახურავის,
3. გეჯის, 4. მილისა და
5. რკინის სამფეხისაგან.
იგი ძვირადღირებული მოწყობილობაა. მისი დამზადება მესპილენძე ხელოსნების საქმეა. არყის გამოსახდელი ქვაბი რამდენიმე სახელითაა ცნობილი: „საოტკე ქვაბი“ (იმერეთი), „ლინჯის ზაოდი“ (სამეგრელო), „ჰარაყია ცხვადი“ (სვანეთი) და ა.შ. საარყე ქვაბის განათხოვრება და გაქირავება მიღებული წესი იყო.
- ც.კ.