ზამთრის დეკანკა (მსხლის ჯიში)
ზამთრის დეკანკა – (Doyenné d’hbver, Winter Dechantsbirne). ყირიმში მსხლის ამ ჯიშს ზამთრის დუშესს უწოდებენ, საქართველოში ცნობილია პირდაპირ დეკანკის სახელწოდებით. სიმირენკოს ჩვენებით ეს ჯიში XVIII საუკუნის შუა წლებში უნდა იყოს გამოყვანილი ბელგიაში, ქ. ლუვენის უნივერსიტეტის ბაღში. ამჟამად შედარებით ფართოდ გავრცელებულია: საფრანგეთსა, ბელგიასა, ჩრდილო ამერიკის წყნარ ოკეანის სანაპირო შტატებსა და ყირიმში, სამხრეთ უკრაინაში, შავი ზღვის სანაპიროებზე, ტაშკენტსა და ამიერ-კავკასიაში.
საქართველოში ზამთრის დეკანკა ძველად უფრო მეტად გვხვდებოდა, ამჟამად მას შედარებით მცირე რაოდენობით რგავენ; მისი მთავარი გავრცელების ადგილებია ქართლის მეხილეობის რაიონები; ძლიერ ცოტა გვხვდება კახეთსა და ახალციხეში და სულ არაა დასავლეთ საქართველოში, გარდა აფხაზეთისა, სადაც ცოტად თუ ბევრად აშენებენ.
ნაყოფი კასრისებრი, უსწორ-მასწორო მოყვანილობისაა, მეტად ცვალებადი ფორმის, უფრო მაღალი შენების, ვიდრე მომრგვალო ნაყოფის, ზედაპირი ბორცვიანია. ზომით 85–130 მმ.X70–110 მმ. წონით კი მეტად მერყეობს; ვხვდებით სულ მცირე 100 გრამის წონისას, გვხვდება 700–800 გრამის წონისაც. განსაკუთრებით ახალგაზრდა და ფორმიანი ხეების ნაყოფია მეტად მსხვილი: მისი წონა ხშირად კარგი კვებისა და მოვლის პირობებში, კილოზე მეტს აღწევს. ნაყოფის გამობმა იცის უმთავრესად ცალობით.
ნაყოფის ყუნწი მოკლეა, პატარა, ძლიერ თავბოკოლა და ზის პატარა, ღრმა და ბორცვიან ღრუში.
ნაყოფის ჯამი ღიაა და ზის განიერ, ღრმა, ბორცვიან ღრუში.
ნაყოფის კანი მოკრეფის წინ ძლიერ სქელია და უხეში, ხაოიანი, მომწვანო ფერის, უხვად მოფენილია მონაცრისფერო დიდრონი წერტილებით. ჟანგაროს ხალები და ქსელები ნაყოფის ზედა და ქვედა ნაწილებზე უფრო მეტად გვხვდება, ზევიდან ნაყოფს მონაცრისფრო-ცვილისებრი ფიფქი აქვს გადაკრული. სრული სიმწიფისას ნაყოფის კანი მთლიანად ნაზდება და თხელდება და სირბილესთან ერთად მდნარი ხდება. ნაყოფის ხორცი შიგ კანში გამოსჭვივის ხოლმე ყვითლად, თვითონ ნაყოფი ღებულობს ოქროსფერ-ყვითელ ფერს და ინვითარებს ძვირფას სურნელებას.
ნაყოფის ხორცი, კარგი კვების პირობებში და თუ მყუდრო თბილ ადგილებშია გაზრდილი, სრულ სიმწიფისას მთლიანად მდნარია.
ნაყოფი უძვირფასესი გემოსია. ზამთრის დეკანკას მსხლების მამამთავარ ჯიშს უწოდებენ ნაყოფის მაღალი ხარისხის გამო; როგორც ვაშლის ზამთრის ჯიშებს შორის მეტოქე არ ჰყავს გემოს მხრივ თეთრ კალვილს, ისე შეიძლება ითქვას, რომ მსხლის ზამთრის ჯიშებს შორის ზამთრის დეკანკას და ესპერენის ბერგამოტს არა ჰყავთ მეტოქეები.
თუ ზამთრის დეკანკა არაშესაფერი ნიადაგისა და ჰავის პირობებში იზრდება, მაშინ ნაყოფი წვრილი იცის, გემოს მხრივ ძლიერ ქვეითდება, ნაყოფი მწკლარტდება და ხორცში მრავალი გამერქნებული უჯრედი უჩნდება. ნაყოფის ზედაპირი მთლად იფარება ჟანგაროს და ქეცის ხალებით, იჟღმურტლება.
ხე მეტად სუსტად იზრდება, მაგრამ თუ ოპტიმალური კვებისა და გარემო პირობებში მოხვდა, მაშინ ზომიერ განვითარებას აღწევს. ზამთრის დეკანკასთვის დამახასიათებელია განიერ-პირამიდული ვარჯის განვითარება. კომშზე სუსტად გვარობს და კარგად არ იზრდება; სჯობს ჩართული მყნობა. სანაყოფე ტოტებიდან უმთავრესად შუბები ახასიათებს. ხე საკმაოდ გამძლეა უარყოფითად მოქმედ გარემო ფაქტორთა მიმართ. ნორმალური მოსავლისა და მაღალხარისხოვანი ნაყოფის მიღებისთვის კი საჭიროა უსათუოდ ღრმა და კარგი სტრუქტურიანი, საკმაოდ ტენიანი და ნოყიერი ნიადაგები, თბილი, მყუდრო, უქარო ადგილები და მაღალი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება. ყვავილობა ადრეულა იცის. ყვავილი მგრძნობიარეა გაზაფხულის ყინვების მიმართ. დეკანკას ახასიათებს სამეურნეო თვითსტერილობა, იძლევა პართენოკარპულ ნაყოფს, რომელიც ძლიერ ზიანდება ნაყოფჭამიათი და ქეცით, აგრეთვე სხვა სოკოვანი დაავადებებითაც. ნაყოფს გვიან უდგება მოკრეფის სიმწიფე (ოქტომბრის შუა რიცხვებში) და საწყობში გვიან გაზაფხულამდე (აპრილის გასულამდე – მაისის ნახევრამდე) სძლებს. საწყობში ნაყოფი თანდათანობით იწევა, არც ჭკნება და ნაკლებად ლპება. ტრანსპორტს ნაყოფი მიუხედავად არასასურველი ფორმისა, კარგად იტანს. ზამთრის დეკანკა საჭიროებს რეგულარულ სხვლას და ხშირ გაახალგაზრდავებას, ზომიერ რწყვასა და კარგ გაპოხიერებას.
განსაკუთრებული მსხვილი და ლამაზი ნაყოფი (სრული სიმწიფისას), უძვირფასესი გემო, დიდი შენახვის უნარიანობა და კარგი ტრანსპორტაბელობა დეკანკას უსათუოდ კლასიკურ ჯიშად ხდიან. იგი განუყრელი ჯიშია ბაღის მოყვარულთა ბაღების ასორტიმენტისა. ნაგალას კულტურის წარმოების შემთხვევაში მსხლის ჯიშებს შორის მეტოქე თითქმის არ ჰყავს და ხელსაყრელ გარემო პირობებში მიზანშეწონილია მისი დიდ ხეებად გაზრდაც. ჯიშის დიდი მოთხოვნილება ნიადაგისა და ჰავის მიმართ, ადვილი დაავადება ქეცით და ნაყოფჭამიათი, შედარებით სუსტი ზრდა, მისი ფართო საწარმოო გაშენების შემაფერხებელია.
საქართველოში მისი გაშენება, ხელსაყრელ გარემოსა და კარგი მოვლის პირობებში უნდა მეტად სასურველად ჩაითვალოს. ჩვენს ასორტიმენტში მცირე რაოდენობითაა შეტანილი ქართლისა და ახალციხის მთავარ საწარმოო-სამრეწველო რაიონებისათვის.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;