ტყაშიმაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 24 აპრილი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყაშიმაფა – (მეგრ. „ტყის დედოფალი“). ტყის არსება, რომელიც გარეულ ნადირს პატრონობს. თუ მონადირე შეიყვარა და მანაც ერთგულება დაუმტკიცა და მათი ურთიერთობის საიდუმლო არ გასცა, კარგ ბედს აძლევს, ხელს უმართავს ნადირობაში.

სოფელ ჯვარში ცხოვრობდა სახელგანთქმული მონადირე. ერთხელ ნადირობისას ირემს დაედევნა, რომელმაც უღრან ტყეში შეიტყუა. ტყეში ბევრი ხეტიალის შემდეგ ტყაშიმაფას გადაეყარა, რომელმაც იგი გზაზე გაიყვანა. სამაგიეროდ სიყვარული სთხოვა მონადირეს, მონადირე დათანხმდა, რის შემდეგაც ნადირობაში ხელი არასოდეს მოცარვია, მაგრამ იმდენი ნადირი დახოცა, რომ ცოლი დაეჭვდა, სხვები ხელცარიელები ბრუნდებიან სანადიროდან, ჩემს ქმარს კი ამდენი ნანადირევი მოაქვსო. საიდან აქვს ასეთი იღბალი ნადირობაშიო? მონადირე დიდხანს არ ამხელდა ტყაშიმაფის საიდუმლოს, მაგრამ ცოლი არ მოეშვა და, ბოლოს, მონადირე გატყდა. გათქვა თუ არა საიდუმლო, მონადირეს დაეკარგა ნადირობის უნარი, სანადიროდან სხვებივით ხელცარიელი ბრუნდებოდა. ესეც არ აკმარა ტყაშიმაფამ: ერთ დღეს სახლის წინ ძაღლები აყეფდნენ, გაიხედა მონადირემ და სათოფეზე ირმები დაინახა. ჩამოიღო თოფი, დაუმიზნა და გაისროლა, მაგრამ ააცდინა. ასეთი მარცხი არასდროს დამართნია. გაიქცნენ ირმები, დაედევნენ ძაღლები და მონადირეც მიყვა მათ კვალს. ირმები კვირას მთაზე მოექცნენ, ხან ჩერდებოდნენ, ხან გარბოდნენ, დამიზნების დროს არ აძლევდნენ მონადირეს. ბოლოს, მთის წვერზე რომ ავიდნენ, მონადირემ ერთხელ კიდევ დაუმიზნა თოფი, მაგრამ ამ დროს ერთმა ირემმა ენა ამოიდგა და შეჰყვირა მონადირეს: მოვიდა შენი აღსასრულიო! აირჩიე, რად გირჩევნია იქცე – ხედ თუ ქვადო? ახლაღა გაახსენდა მონადირეს ტყაშიმაფას საიდუმლო, რომელიც გასცა, და დაფიქრდა: თუ ხედ ვიქეცი, მწყემსები მომჭრიან და დამწვავენო. და ისევ ქვად ქცევა ამჯობინა, ვერავინ ვერაფერს დამაკლებსო. ქვად მაქციეო, ესღა მოასწრო ეთქვა და წამსვე ქვად იქცა თავის ძაღლებიანად.

ყოველ წელიწადს, იმ დღის სწორს, როცა კაცი და ძაღლები ქვად იქცნენ, კვლავ ცოცხლდებიან მცირეხნით და გაისმის თოფის სროლა და ძაღლების ყეფა. ლენხერის ხეობაში დღესაც დევს სამი ქვა: ერთი მონადირეა, დანარჩენი ორი – ძაღლები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები