რახმანინოვი სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგეი რახმანინოვი

სერგეი რახმანინოვი – (20 მარტი 1873, ონეგი, ახლანდ. ნოვგოროდის რ-ნი – 28 მარტი 1943, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია. დაკრძალულია კენსიკოში, ნიუ-იორკის მახლობლად), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის საფორტეპიანო (1891) და საკომპოზიციო (1892) კლასები. მისი სადიპლომო შრომა − ოპერა „ალეკო“ 1893 დაიდგა დიდ თეატრში. 90-იან წლებში შექმნა I საფონიური კონცერტი (1891, მე-2 რედ. 1917), პრელუდია დო დიეზ მონორი, „მუსიკალური მომენტები“, ელეგიური ტრიო (1893), I სიმფონია (1895), 20-ზე მეტი რომანსი და სხვ. 1906 იყო მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორი. 1900-იდან როგორც პიანისტი და დირიჟორი, მართავდა კონცერტებს რუსეთსა (1911, 1913, 1915 – თბილისში) და უცხოეთში.

1900-10 წლების უმთავრესი ნაწარმოებებია: განთქმული მე-2 (1901) და მე-3 (1909) საფორტეპიანო კონცერტები, მე-2 სიმფონია (1907); სიმფონიური პოემა „მკვდართა კუნძული“ (ა. ბიოკლინის სურათის მიხედვით, 1902), ოპერები ძუნწი რაინდი (პუშკინის მიხედვით) და „ფრანჩესკა და რიმინი“ (დანტეს მიხედვით, ორივე 1906), კანტატა „გაზაფხული“ (1908), პოემა „ზარები“ ორკესტრის, გუნდისა და სოლისტებისათვის (1913), „მწუხრის ლოცვა“ აკაპელა გუნდისათვის (1915), რომანსები, 2 სონატა (1907, 1913), 23 პრელუდია, 17 ეტიუდ-სურათი (1911-17) ფორტეპიანოსათვის.

1917 რახმანინოვი საგასტროლოდ გაემგზავრა სკანდინავიაში, 1918-იდან დასახლდა აშშ-ში, სადაც ძირითადად ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას (გასტროლები ევროპის ქვეყნებში). ამ წლებში შექმნა: მე-4 კონცერტი (1926) და „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ (1934) ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, 3 „რუსული ხალხური სიმღერა“ ორკესტრისა და გუნდისათვის (1926), „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის (1931), ნოსტალგიური სევდით გამსჭვალული მე-3 სიმფონია (1934) და „სიმფონიური ცეკვები“ (1940).

სერგეი რახმანინოვის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საფორტეპიანო მუსიკა, რომელიც ავტორის ფენომენალური პიანიზმის გათვალისწინებითაა შექმნილი და ფართო პოპულარობით სარგებლობს როგორც მსმენელებში, ისე შემსრულებლებში. მაღალი მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა რახმანინოვის სასულიერო ნაწარმოებები. რახმანინოვი ყველა დროისა და ხალხის ერთერთი უდიდესი პიანისტია. მას სამართლიანად ადარებენ ფ. ლისტს.

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები