აბას I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბას I - შაჰ-აბას დიდად წოდებული (1571–1629), ირანის შაჰი (1587–1629) სეფიანთა დინასტიიდან, შაჰ მუჰამედ ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი.

1598 წელს აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართველი გლეხები (1616), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას.

აბას I განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, რისთვისაც საფუძვლიანი რეფორმები გაატარა. კერძოდ, აბას I-ის სამხედრო რეფორმამ შეამცირა მომთაბარე ტომებისაგან შედგენილი ლაშქარი და გაზარდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობა (ქვეითი მეთოფეები, ცხენოსანი ღულამები, არტილერია). თავის არმიასა და სახელმწიფო აპარატში აბას I ფართოდ იზიდავდა კავკასიელებს. მაგალითად, ღულამთა გვარდია (10 ათ. მხედარი) ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა. მთლიანად შაჰ აბასის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა დაახლოებით 120 ათ. მეომარი (45 ათ. – მუდმივ ჯარში და 75 ათ. – ფეოდალურ ლაშქარში).

აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. 1614, 1616, 1617 წ. ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით სამჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა. 1625 წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოაგზავნა. ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 წ.წ. და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაიშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული სავაჭრო-ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონოდა.

აბას I-ის დროს სეფიანთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია.


იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები