აბელია (სოფელი)
აბელია არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი უძველესი ნამოსახლარი ქვემო ქართლში (დღევანდელ სოფელ აბელიანთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
პირველად იხსენიება 1580 წლის ერთ საბუთში. XI-XV საუკუნეებში სამეფო დომენი იყო. XVI-XVIII საუკუნეებში კი საბარათიანოში შედიოდა. აბელია დასახლებული ჩანს უძველესი დროიდან. აღმოჩენილია გვიანდელი ენეოლითური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთააღრიცხვით IV-III ათასწლეულთა მიჯნა) ნამოსახლარი. ნაპოვნია კერა, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავი, ქვის ცული, ობსიდიანის ზოდები და სხვა. აღმოჩენილია ანტიკური ხანის სამაროვანიც (ძველი წელთააღრიცხვით V-III სს.).
სოფელში თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია დგას. შიგნით ჩანს მოხატულობის კვალი. სამხრეთ ფასადზე დაცულ წარწერაში იხსენიება ორი მეფე: დავით-ულუ და დავით ნარინი, აგრეთვე დავით-ულუს მეუღლე თამარ-ხათუნი (ჯიგდა-ხათუნი) და ძე გიორგი.