ალბუფეირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბუფეირა

ალბუფეირა – (ინგლ.Albufeira, რუს. Альбуфейра), ოკეანისპირა ქალაქი, კლიმატური კურორტი პორტუგალიაში, ფარუს ოლქში, ალგარვეს პროვინციაში, ქ. ლისაბონიდან 197 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. ფარუდან 29 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს ატლანტის ოკეანის ნაპირზე. რელიეფი − ბორცვიანი.

ჰავა – ოკეანისპირა, რომელიც უახლოვდება ხმელთაშუა ზღვის ჰავას. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 11°C. ზაფხული თბილია. ივლისის, ისევე, როგორც აგვისტოს, საშუალო ტემპერატურაა 24°C. საშუალო ფარდობითი ტენიანობა ზაფხულშია 72%, ხოლო ზამთარში – 77%. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 400 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის დეკემბერსა და იანვარზე (80-80 მმ), ხოლო მინიმუმი – ივლისსა და აგვისტოზე (30-30 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 3100 საათია.

კურორტისა და კურორტის მიდამოების ტერიტორია დაფარულია: ფიჭვნარით, ფორთოხლის პლანტაციებითა და სუბტროპიკული ყვავილებით.

ალბუფეირას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ოკეანისპირა ჰავა, რომელიც უახლოვდება ხმელთაშუა ზღვის ჰავას, იონებით გაჯერებული ოკეანისპირა ჰაერი და ატლანტის ოკეანის წყალი.

ალბუფეირაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ოკეანეში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ალბუფეირაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ალბუფეირასა და მის მიდამოებში (ალბუფეირას ციხესიმაგრის (VII საუკუნე) ნანგრევები; ალმოას ციხესიმაგრე (XII საუკუნე); წმიდა ანას სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XVIII საუკუნე); მატრიშის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVIII საუკუნე); კოშკური საათი (XV საუკუნე); ძველი მუნიციპალიტეტის შენობა (XVI საუკუნე); მუნიციპალური არქეოლოგიური მუზეუმი; სამორა ბარუშის სამხატვრო გალერეა; ოკეანოგრაფიული პარკი „Zoomarine“, პარკი „Crazy World“ ნიანგების ფერმითა და ტერარიუმით; ოკეანორიუმი, გასართობი ცენტრი „English factory“ და სხვ.);

ქ. ფარუსა და მის მიდამოებში (ციხესიმაგრის კედლების (IX საუკუნე) ნანგრევები; სესის სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (აშენდა XIII საუკუნეში და გადაკეთდა XVIII საუკუნეში); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის (XIII საუკუნე), მიზერიკორდია (1581 წელი), წმიდა პეტრეს სახელობის (XVI საუკუნე), წმიდა ბარბარეს სახელობის (XVII საუკუნე), ნოსტრა სენიორა დუ პე და კრუშის სახელობის სამლოცველოთი (XVII საუკუნე), ნოსა სენიორა დუ კარმუს სახელობის (1713-1719 წლები) ძვლების კაპელით (1826 წელი), ეშტოის (XVII საუკუნე), წმიდა ფრანცისკის სახელობის (XVIII საუკუნე) და სხვ; წმიდა ლუისის სახელობის რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (XVIII საუკუნე); კაპუცინების (XIII საუკუნე) და ფრანცისკელების (XVII საუკუნე) მონასტრები; წმიდა ქსენია პეტერბურგელის სახელობის მართლმადიდებლური სამწყსო (XX საუკუნე); სასახლეები – ეპისკოპოსის (1581-1585 წლები), ეშტოის (XVII საუკუნე) და ბივარინის (XVIII საუკუნე); ეპისკოპალური სემინარიის შენობა (XVIII საუკუნე); ქალაქის დაცვითი კედლები და ჭიშკარი – არკუ დუ რეპოზუ (IX საუკუნე); ქალაქის ჭიშკარი – არკუ და ვილა (XVIII საუკუნე); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის, რეგიონალური ეთნოგრაფიული, ფარუს მუნიციპალური, ინფანტ ენრიკეს არქეოლოგიური, ადმირალ რამალიუ ორტიგანას საზღვაო, მეზღვაურ ანრის; წმიდა ანტონიუ დი ალტუს სახელობის სამხატვრო გალერეა; ებრაელების სასაფლაო (1838-1932 წლები); რიო-ფორმოზას ნაკრძალი; ძველი რომის ქალაქ მილერუსის (ახ.წ. I საუკუნე) ნანგრევები და სხვ.)


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები